ნიკა გვარამია: ხმა მივეცი საქართველოს ევროპულ მომავალს, ოპოზიცია გაიმარჯვებს!
26/10/2024 06:37:14 პოლიტიკა
"მე ხმა მივეცი ცვლილებას, მე ხმა მივეცი საქართველოს ევროპულ მომავალს, მე ხმა მივეცი კოალიციურ მართვას და უარი ვუთხარი წარსულს", - ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განუცხადა.
"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ- ერთი ლიდერი დარწმუნებულია, რომ დღეს ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება.
"მოვუწოდებ ყველას, ვიფიქროთ ხმის მიცემის დროს ჩვენს შვილებზე, ჩვენს წინაპრებზე, მათ დანაბარებსა და დანატოვარზე და წავიყვანოთ საქართველო იქით, რაც მისი ისტორიული არჩევანია და რაც მომავალი თაობების არჩევანია - ეს არის ევროპა...ოპოზიცია გაიმარჯვებს, ეს ერთმნიშვნელოვანია და იქნება ზეიმი. აუცილებლად... არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი რას საუბრობენ მთავრობის წარმომადგენლები. ეს მათი ბოლო განცხადებებია მთავრობის რანგში... იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება აცნობიერებს იმას, რომ ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა არის მისი ისტორიული შანსი, რამე პოზიტიური მაინც შეიტანოს ამ ქვეყნის ისტორიაში. ეს უკანასკნელი შანსია მათთვის", – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
ცნობისთვის: საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საქართველოს ისტორიაში პირველად, ქვეყნის მოქალაქეები პარლამენტის 150 დეპუტატს მხოლოდ პროპორციული სისტემით ირჩევენ. მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მაინც.


