ცესკო-ში გამოვლენილ პირველ დარღვევებზე ისაუბრეს
26/10/2024 07:45:55 პოლიტიკა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
რაც შეეხება ცნობებს ამომრჩევლებზე ორი ბიულეტების გაცემის თაობაზე, იოსელიანი ამბობს, რომ ბიულეტენების გადაცემის პროცესში მექანიკური შეცდომის იდენტიფიცირება ადგილზევე ხდება და არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა აპარატის მიერ ორი ბიულეტენის ერთად მიღების ფაქტი.
ამასთან, მისი თქმით, „გარკვეულ შემთხვევებში ფიქსირდება საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობის პროცესის ხელის შეშლის ფაქტები". ის მოვუწოდებს პარტიების, სადამკვირვებლო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებს, დაიცვან კანონმდებლობა, ნუ ჩაერევიან კომისიების ფუნქციებში და ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ ვითარებაში ჩატარებას.
მისივე თქმით, დაფიქსირდა ერთ-ერთი პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლის მიერ საარჩევნო კაბინაში ბიულეტენის გადაღების და გასაჯაროების ფაქტი. "როგორც მოგეხსენებათ ფარული კენჭისყრის კაბინაში იკრძალება ფოტო და ვიდეო გადაღება და შესაბამისად ვთხოვთ არჩევნებში ჩართულ მხარეებს ნუ წაახალისებენ აკრძალულ ქმედებას".
"იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავად ვერ მიდიან არჩევნებზე, გადასატანი ყუთები უკვე გავიდა საარჩევნო უბნებიდან. შეგახსენებთ, რომ ის ამომრჩევლებიც გადიან მარკირებას, რომლებიც გადასატანი ყუთის გამოყენებით მისცემენ ხმას.
საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. დაუშვებელია აგრეთვე კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.
ასევე, 20:00 საათამდე იკრძალება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში წინასაარჩევნო ფასიანი ან/და უფასო რეკლამა. ასევე, იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება”, - განაცხადა იოსელიანმა.


