"სისტემური ზეწოლა, მარკირების სითხე არ არის" - კორძაია დარღვევებზე საუბრობს
26/10/2024 08:17:41 პოლიტიკა
"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თამარ კორძაიამ ბრიფინგზე ისაუბრა მათი დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი საარჩევნო დარღვევების შესახებ.
მან თქვა, რომ ადგილი აქვს სისტემურ დარღვევებს.
"ქუთაისში, მე-7 და მე-11 უბნებზე, გორის მე-80 უბანზე, დედოფლისწყაროს მე-2 უბანზე და მთაწმინდის 31-ე უბანზე 2 ბიულეტენი გასცეს. სისტემურ დარღვევას აქვს ადგილი დამკვირვებლებთან მიმართებაშიც, როცა რეგისტრატორების უკან, მათ სათანადოდ დაკვირვების შესაძლებლობას არ აძლევენ",- თქვა კორძაიამ.
მისივე თქმით, "გამოვლინდა საჯარო მოხელეების მხრიდან ზეწოლის ფაქტები":
- "ასპინძის მე-20 უბანზე რწმუნებული ნოდარ ბაბელაშვილი და დეპუტატი გოჩა ყრუაშვილი ამომრჩევლებზე ზეწოლას ახდენდნენ. მათ უბნიდან კომისიის 2 წევრი გაიყვანეს, მითითებებს აძლევდნენ და მათ საქმიანობაში ერეოდნენ.
- ქარელის რაიონში, აბიში, მე-7 უბანზე გამგებლის წარმომადგენელი სიმონ მარგველაშვილი ამომრჩეველზე ზეწოლას ახორციელებდა".
მისივე ცნობით, მნიშვნელოვან დარღვევას ჰქონდა ადგილი გარდაბნის 51-ე უბანზე, სადაც "აბელ მირზოევმა გადასატანი ყუთი წაიღო და მას მხოლოდ ქართული ოცნების კომისიის წევრები გაყვნენ და დამკვირვებლები არ გააყოლეს".
"თბილისში, სამგორის 38-ე უბანზე კი მარკირების სითხე საერთოდ არ არის და ამომრჩევლებს მარკირებას არ უკეთებენ". - თქვა კორძაიამ.
ასევე, კორძაიას თქმით, ბათუმის მე-2 და ქუთაისის 47-ე და 48-ე უბნებზე დამკვირვებლებზე ზეწოლა ხორციელდება.


