გივი მიქანაძე: სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები საარჩევნო უბნებზე უკანონო აგიტაციას აწარმოებენ
26/10/2024 10:43:28 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ დეპუტატის გივი მიქანაძის განცხადებით, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები საარჩევნო უბნებზე უკანონო აგიტაციას აწარმოებენ. ამის შესახებ მიქანაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„წარმოგიდგენთ ინფორმაციას უკანონო აგიტაციის თაობაზე. რუსთავში სხვადასხვა უბანზე, მიმდებარე ტერიტორიაზე, მოხდა სააგიტაციო მასალის, კერძოდ, 5 ნომრის წარწერა და ასევე, პლაკატების გაკვრა, რაც წარმოადგენს კანონმდებლობით განსაზღვრულ დარღვევას, - განაცხადა მიქანაძემ.
მისი თქმით, აღნიშნულ ფაქტებზე დაიწერა საჩივრებიც.
„გამომდინარე იქიდან, რომ საარჩევნო უბნებიდან 25 მეტრის რადიუსში აკრძალულია აგიტაციის წარმოება, საჩივრები დაიწერა თითოეულო უბანზე ამ საკითხთან დაკავშირებით.“ - აღნიშნა მიქანაძემ.
როგორც მან აღნიშნა, "ლაგოდეხში 31-ე უბანთან და ქუთაისში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე იმყოფებოდნენ პირები, რომლებსაც „ლელოს“ 9-ნომრიანი გულსაბნევები ეკეთათ, რაც, ასევე, უკანონო აგიტაციის ფაქტია".
„ლაგოდეხში, 31-ე უბნის გარეთ, 9 ნომრის გულსაბნევით მოძრაობდა მოქალაქე ხვიჩა კუზიბაშვილი. რადგან აგიტაცია წარმოებს საარჩევნო უბნის 25 მეტრის რადიუსში, ფაქტზე განხორციელდა შეტყობინება 112-ში და კომისიაში დაფიქსირდა საჩივარი. ქუთაისში საარჩევნო უბანზე „ლელოს“ წარმომადგენელი ეკა ცარციძე, რომელსაც 9 ნომრის მაიდენტიფიცირებელი გულსაბნევი ეკეთა, ახდენდა აგიტაციას, რის გამოც, დაიწერა საჩივარი და ის გაძევებული იქნა უბნიდან“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
ამასთან, იგი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, მამაკაცმა ქალის პირადობის მოწმობით სცადა ხმის მიცემა:
„ტაბულას“ ინფორმაციით, კასპის სოფელ ფერმაში განთავსებულ 24-ე საარჩევნო უბანში, მამაკაცმა სცადა ქალის პირადობის მოწმობით ხმის მიცემა, რაც იქ მყოფმა დამკვირვებლებმა დააფიქსირა. სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მისულ დედა-შვილს, აერიათ პირადობის მოწმობები და შვილმა დედის პირადობის მოწმობა მიაწოდა რეგისტრატორს. მოცემული ფაქტის გავრცელება წარმოადგენს დეზინფორმაციას და მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობას".


