ცესკო-ში ამბობენ, რომ გლდანში, სადაც უბანზე ძალადობის რამდენიმე ეპიზოდი დაფიქსირდა, კენჭისყრა ამჟამად შეუფერხებლად მიმდინარეობს
26/10/2024 12:35:57 პოლიტიკა
გლდანში, #60 საარჩევნო უბანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომისიამ კანონის შესაბამისად იმოქმედა, კენჭისყრა ამჟამად შეუფერხებლად მიმდინარეობს, - თქვა ცესკო-ს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე. ადგილზე ფიზიკური ძალადობის რამდენიმე ეპიზოდს ჰქონდა ადგილი.
იოსელიანმა შესაბამის უწყებებს მოუწოდა, უზრუნველყონ წესრიგი საარჩევნო უბნის მიმდებარედ, იმისათვის რომ ამომრჩევლებმა შეუფერხებლად შეძლონ კენჭისყრაში მონაწილეობა. დამკვირვებლები ხშირად მიუთითებენ პოლიციის მხრიდან დაგვიანებულ რეაგირებაზე.
"გლდანში, #60 საარჩევნო უბანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომისიამ კანონის შესაბამისად იმოქმედა, კენჭისყრა ამჟამად შეუფერხებლად მიმდინარეობს. თუმცა როგორც ჩვენთვის ცნობილია დაპირისპირება უბნის გარეთ გაგრძელდა. შეგახსენებთ, რომ დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს უზრუნველყონ წესრიგი საარჩევნო უბნის მიმდებარედ იმისთვის, რომ ამომრჩევლებმა შეუფერხებლად შეძლონ კენჭისყრაში მონაწილეობა”, - აღნიშნა იოსელიანმა.
მისი თქმით, „ძირითადად კენჭისყრა მშვიდ და პროფესიულ გარემოში გრძელდება":
"ფიქსირდება ცალკეული ინციდენტები, რაც ვერ მოახდენს გავლენას არჩევნების მიმდინარეობაზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, იაქტიურონ და მივიდნენ საარჩევნო უბნებზე. ასევე მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, იმოქმედონ კანონმდებლობის შესაბამისად, ნუ გაავრცელებენ არასწორ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას და ნუ შეუშლიან საარჩევნო ადმინისტრაციას ხელს, საარჩევნო პროცესი წარმართოს მშვიდ ვითარებაში”, - განაცხადა იოსელიანმა.


