კობახიძე - ოპოზიციაზე: თუ არ შემოვლენ პარლამენტში, მით უკეთესი!
26/10/2024 14:46:26 პოლიტიკა
პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა, მით უკეთესი იქნება.
"თუ არ შემოვლენ პარლამენტში, მით უკეთესი! რა უნდა პარლამენტში გვარამიას, ხოშტარიას, ჯაფარიძეს, ბოკუჩავას, სალომე სამადაშვილს, გრიგოლ გეგელიას, საბა ბუაძეს, თაზო დათუნაშვილს?! ისინი საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსთვის სრულიად შეუფერებელი სახეები არიან! რაც ნაკლები შემოვა პარლამენტში, მით უკეთესი", – განაცხადა მან.
მისი თქმით, "2021 წლისაგან განსხვავებით ოპოზიციასთან არავითარი მოლაპარაკებები არ იქნება"
“ჩვენ ჯერ კიდევ 2021 წელს ვთქვით, რომ არც ერთ შემთხვევაში და არასდროს ისეთ შეთანხმებას აღარ გავაფორმებთ, როგორიც 19 აპრილის შეთანხმება იყო და რომელიც ქვეყნის კონსტიტუციის ჩარჩოდან გასვლას გულისხმობდა. შესაბამისად, არც ერთ შემთხვევაში ასეთი ტიპის მოლაპარაკებებში არ შევალთ! მთავარია, რომ პარლამენტი არის ლეგიტიმური. 2021 წლის კრიზისი ხელოვნური კრიზისი იყო. მაშინ კრიზისი არ არსებობდა. ნებისმიერ ქვეყანაში ოპოზიციას შეუძლია არჩევნების შედეგები არ აღიაროს და პარლამენტში არ შევიდეს. რა თქმა უნდა, ეს არავითარ შემთხვევაში კრიზისს არ ნიშნავს“, - განაცხადა კობახიძემ.


