ივანიშვილი: გუნდის ლიდერები, რომლებიც დღეს წარმოდგენილი არიან, ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილია
26/10/2024 16:46:09 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მოქალაქეებს პირდება, რომ გუნდში "მამაძაღლობა" არ იქნება.
“გუნდის ლიდერები, რომლებიც დღეს წარმოდგენილი არიან, ვფიქრობ, რომ ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილია. პრემიერ-მინისტრი სანთლით საძებნი კაცია: სანდოობა, განათლება, კულტურა - ყველაფერი აქვს. გუნდში უამრავი წარმატებული წევრი გვყავს, ვუყურებ და მიხარია, ბევრს ვხედავ პარლამენტარს, სპორტსმენს თუ წარმატებულ ადამიანს. ერთი მინდა იცოდეთ, მცდელობა “ქართული ოცნების” მხრიდან, რომ საქართველომ მიიღოს საუკეთესო შედეგები ყველა მიმართულებით, გუნდი ამას არ დააკლებს, არ იქნება სიცრუე, არ იქნება ღალატი და არ იქნება მამაძაღლობა, ამას გპირდებით. პოლიტიკას, სამწუხაროდ, მამაძაღლობა ახლავს და ეს სიტყვაც უნდა ვიხმაროთ.
მე დღეს შეხვედრა მქონდა უცხოელებთან, გაოცებულები არიან ჩვენი შედეგებით, რაც მივიღეთ ბოლო წლებში”, - განაცხადა ივანიშვილმა საზეიმო ღონისძიებაზე, რომელიც "ოცნების" ოფისის ეზოში იმართება.
20:00 საათზე საარჩევნო უბნები დაიხურა. ოცნებაც და ოპოზიციაც გამარჯვებას ზეიმობს. „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგებით „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 56.1% აქვს. Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგებით კი ოპოზიცია იმარჯვებს. კერძოდ, ოცნებამ ხმების 40.9% მიიღო, რაც მთავრობის დამოუკიდებლად ჩამოსაყალიბებლად არაა საკმარისი, ხოლო "ქარტიაზე" ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები კოალიციური ხელისუფლების ჩამოყალიბებას ახერხებენ.


