კობახიძე: ჩვენი გზავნილი ზუსტად მივიდა ამომრჩევლამდე, გამარჯვება შთამბეჭდავია
27/10/2024 07:33:03 პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თვლის, რომ "ქართული ოცნების გზავნილები სწორად მივიდა ამომრჩევლამდე და ამას უკავშირებს ის მოქალაქეთა აქტივობას არჩევნებზე.
ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული შედეგები მისთვის "შთამბეჭდავია".
"ჩვენ მთლიანობაში მივიღეთ დაახლოებით, მილიონ 120 ათასი ხმა, რაც 2012 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია",- თქვა კობახიძემ ბრიფინგზე.
„ჩვენს საზოგადოებას ვეუბნებოდით, რომ ეს იყო რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები და ეს იყო თავისი მნიშვნელობით 2012 წლის არჩევნების ტოლფასი არჩევნები. ეს გზავნილი ზუსტად მივიდა ამომრჩევლამდე. სწორედ ამას უკავშირდებოდა ის უპრეცედენტო აქტივობა, რომელიც ამ საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა. გამარჯვება არის ძალიან შთამბეჭდავი. ჩვენ მეორე ადგილზე გასულ პარტიასთან სხვაობა გვაქვს 43%. 5-ჯერ ჩამოგვრჩება მეორე ადგილზე გასული პარტია“, - განაცხადა კობახიძემ და განაგრძო, "ეს იყო ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტი არჩევნები, სადაც წყდებოდა ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების ბედი. საბოლოოდ, ქართველმა ხალხმა გააკეთა ერთადერთი უალტერნატივო არჩევანი, აირჩია მშვიდობა და ქვეყნის განვითარება, აირჩია ქვეყნის ნათელი მომავალი. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, ამომრჩეველს, ქართულ საზოგადოებას იმისთვის, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ქართველი ხალხი ჩვენს გვერდით იდგა ყველაზე რთულ წუთებშიც. მოგეხსენებათ, არჩევნები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მომენტი ნებისმიერი ქვეყნის ცხოვრებაში. ყველაზე მნიშვნელოვან წუთებშიც ქართველი ხალხი დადგა ჩვენს გვერდით და ერთადერთი უალტერნატივო არჩევანი გააკეთა“.
კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციას "არაფრის რესურსი" არ აქვს, შედგება პარლამენტის პირველი სხდომა, დაიწყებს პარლამენტი მუშაობას, დამტკიცდება მთავრობა.
„ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება პროცესები ჩვენს ქვეყანაში. ოპოზიციას საერთოდ არაფრის რესურსი არ აქვს, სხვათა შორის, უკვე მესამე საპარლამენტო არჩევნები ტარდება ჩვენი ხელისუფლების პირობებში და პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა ცესკო-ს შენობასთან მივარდნაც კი ვერ გაბედეს. ამას მარტივი მიზეზი აქვს - იმდენად შთამბეჭდავი და აშკარაა გამარჯვება, მათ შორის, იმდენად უსუსურია ყოველგვარი მცდელობა, ისაუბრონ არჩევნების მანიპულაციაზე ელექტრონული არჩევნების და უპრეცედენტო წინასაარჩევნო გარემოს პირობებში, რა თქმა უნდა, ყველა მათ მცდელობა წარუმატებლობისთვის არის განწირული“,- თქვა კობახიძემ.


