კობახიძე: "რაც მეტად დაიმშვიდებს ოპოზიცია თავს, მით უკეთესი, მათი სიმშვიდეც გვჭირდება"
27/10/2024 07:55:32 პოლიტიკა
"რაც მეტად დაიმშვიდებს ოპოზიცია თავს, მათ შორის უცხოეთის შედეგებით, მით უკეთესი, ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე", – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც საზღვარგარეთის უბნების შედეგებს ეხებოდა.
„მათ შორის გვჭირდება მათი სიმშვიდე. რაც უფრო მშვიდად იქნება ოპოზიცია, მით უკეთესი, დაიმშვიდონ თავი ამ უბნებით“, – აღნიშნა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "საზღვარგარეთის უბნებზე დაფიქსირებული შედეგები ლოგიკურია, ვინაიდან ქვეყნისგან მოშორებით მყოფი ამომრჩეველი ინფორმაციას იღებს მხოლოდ კონკრეტული წყაროებიდან და ამ წყაროებთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული მანიპულაციები.
„წინა არჩევნებზეც ასე იყო, იმის წინაზეც, ეს ასე ხდება ხოლმე მარტივი მიზეზის გამო, როდესაც არის ამომრჩეველი ქვეყნისგან მოშორებით, ის ინფორმაციას იღებს მხოლოდ კონკრეტული წყაროებიდან და ამ წყაროებთან დაკავშირებით გარკვეული მანიპულაციებიც არსებობს, მაგალითად, სოცმედიაში. შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია ის შედეგები, რაც აისახა არჩევნებზე, თუმცა ამით, ბუნებრიგვია, თავს ვერავინ დაიმშვიდებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის: ცენსტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 27 ოქტომბრის 11:00 სთ-ისთვის დათვლილია საარჩევნო უბნების 99%-ის (3111–დან 3100) შედეგები და წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:
"ქართული ოცნება" – 54,08 % (1 117 480 ხმა).
„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 10.92% (225 680 ხმა);
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 10.12% (209 137 ხმა);
„ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 8.78% (181 424 ხმა);
„გახარია საქართველოსთვის“ – 7.76% (160 354 ხმა);
„გირჩი“ - 3,01% (62 217 ხმა);
„პატრიოტთა ალიანსი“ - 2,44% (50 463 ხმა);
„ლეიბორისტული პარტია“ - 0,72% (15 057 ხმა).
ცესკოს ცნობით, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.
4 ოპოზიციური სუბიქტიდან არჩევნების შედეგების არაღიარების შესახებ განცხადებები უკვე გააკეთეს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებმა. "ძლიერ საქართველოში" კი განაცხადეს, რომ ცესკო-ს მიერ გამოცხადებული შედეგები აცდენილია მოქალაქეების ნებას. პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს პირდაპირი გავლენა ჰქონდა შედეგებზე".


