Accentnews.ge
საერთაშორისო სადამკვირვებლო ქსელი: დარღვევების კუმულაციურმა ეფექტმა არჩევნების სანდოობა დააზარალა

საერთაშორისო სადამკვირვებლო ქსელი: დარღვევების კუმულაციურმა ეფექტმა არჩევნების სანდოობა დააზარალა

27/10/2024 09:59:51 პოლიტიკა

„არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელი“ (ENEMO) აცხადებს, რომ "საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პოლარიზებულ და შეზღუდულ გარემოში ჩატარდა, რაც ძირს უთხრის ინკლუზიურობას, გამჭვირვალობასა და სამართლიანობას".

ENEMO-მ, რომელიც 95 მოკლე თუ გრძელვადიანი დამკვირვებლის დახმარებით აკვირდებოდა არჩევნებს საქართველოში, 27 ოქტომბერს წარადგინა პირველადი შეფასებები.

როგორც ქსელის მისიის ხელმძღვანელმა ზლატკო ვუიოვიჩმა განაცხადა, „კრიტიკული დარღვევები მოიცავდა ოპოზიციის წარმომადგენლებზე ძალადობას, ამომრჩეველთა დაშინებას, დამკვირვებლების წინააღმდეგ ცილისწამების კამპანიას, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების ფართომასშტაბიან კამპანიას“.

„მართალია, საარჩევნო ადმინისტრაცია პროფესიონალურად და ეფექტურად წარმართავდა პროცესს, ENEMO გამოხატავს შეშფოთებას ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შესახებ. დაფიქსირებული ხარვეზების კუმულაციურმა ეფექტმა მნიშვნელოვნად დააზარალა საარჩევნო პროცესის დემოკრატიულობის სანდოობა“, - განაცხადა ვუიოვიჩმა.

ცნობისთვის: ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 27 ოქტომბრის 11:00 სთ-ისთვის დათვლილია საარჩევნო უბნების 99%-ის (3111–დან 3100) შედეგები და წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:

"ქართული ოცნება" – 54,08 % (1 117 480 ხმა).

„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 10.92% (225 680 ხმა);

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 10.12% (209 137 ხმა);

„ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 8.78% (181 424 ხმა);

„გახარია საქართველოსთვის“ – 7.76% (160 354 ხმა);

„გირჩი“ - 3,01% (62 217 ხმა);

„პატრიოტთა ალიანსი“ - 2,44% (50 463 ხმა);

„ლეიბორისტული პარტია“ - 0,72% (15 057 ხმა).

ცესკოს ცნობით, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.

4 ოპოზიციური სუბიქტიდან არჩევნების შედეგების არაღიარების შესახებ განცხადებები უკვე გააკეთეს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებმა. "ძლიერ საქართველოში" კი განაცხადეს, რომ ცესკო-ს მიერ გამოცხადებული შედეგები აცდენილია მოქალაქეების ნებას. პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს პირდაპირი გავლენა ჰქონდა შედეგებზე".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S