Accentnews.ge
კონსტიტუციონალისტი: ბოიკოტი პარლამენტს შეკრებაში ხელს ვერ შეუშლის

კონსტიტუციონალისტი: ბოიკოტი პარლამენტს შეკრებაში ხელს ვერ შეუშლის

27/10/2024 13:12:17 პოლიტიკა

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე აცხადებს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ამ დროისთვის გამოცხადებული შედეგების გათვალისწინებით, "პარლამენტს ოპოზიციის ბოიკოტი შეკრებაში ხელს ვერ შეუშლის".

"კონსტიტუციის მოხედვით: “პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან.”

ეს ორ რამეს ნიშნავს:

1. პარლამენტი მუშაობას დაიწყებს თუ დარბაზში იქნება 76 დეპუტატი (ცესკოს მიხედვით ოცნებას 89 ყავს);

2. ამ 76-მა უნდა თქვას, რომ 150-დან სულ ცოტა 100 დეპუტატის უფლებამოსილებას ცნობს. მნიშვნელობა არ აქვს დანარჩენებს სურს თუ არა ცნონ მისი უფლებამოსილება.

ამას უდევს მარტივი პრინციპი საფუძვლად: უმცირესობა უმრავლესობას ვერ გადაუწყვეტს იფუნქციონიროს თუ არა", – აცხადებს მენაბდე.

  • რაც შეეხება სიების ჩახსნის საკითხს, მისი თქმით, ოპოზიცია სიებს პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე ვერ ჩახსნის.

"კანონით სიების ჩახსნა შესაძლებელია არჩევნებამდე ან პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ. პირველი ვადა გასულია, რაც შეეხება პარლამენტის უფლებამოსილების ცნობას. ეს ნიშნავს, რომ პარლამენტი იწყებს მუშაობას, ოპოზიციონერი დეპუტატები უკვე პარლამენტის წევრები არიან და მხოლოდ სიის ის წევრები შეუძლიათ ჩახსნან, რომლებიც პარლამენტში ვერ შევიდნენ.

აქვე ერთი რჩევა: ავტორიტარულ სისტემაში კანონი არ კანონობს და ლეგალურ არგუმენტებს ნუ ეძებთ", – წერს მენაბდე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 27 ოქტომბრის 11:00 სთ-სთვის დათვლილია საარჩევნო უბნების 99%-ის (3111–დან 3100) შედეგები და წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:

"ქართული ოცნება" – 54,08 % (1 117 480 ხმა).

„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 10.92% (225 680 ხმა);

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 10.12% (209 137 ხმა);

„ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 8.78% (181 424 ხმა);

„გახარია საქართველოსთვის“ – 7.76% (160 354 ხმა);

„გირჩი“ - 3,01% (62 217 ხმა);

„პატრიოტთა ალიანსი“ - 2,44% (50 463 ხმა);

„ლეიბორისტული პარტია“ - 0,72% (15 057 ხმა).

ცესკოს ცნობით, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.

4 ოპოზიციური სუბიქტიდან არჩევნების შედეგების არაღიარების შესახებ განცხადებები უკვე გააკეთეს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებმა. "ძლიერ საქართველოში" კი განაცხადეს, რომ ცესკო-ს მიერ გამოცხადებული შედეგები აცდენილია მოქალაქეების ნებას. პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს პირდაპირი გავლენა ჰქონდა შედეგებზე".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S