ლანდსბერგისი: არჩევნები თავისუფლებასა და სამართლიანობას უნდა ეფუძნებოდეს
27/10/2024 13:18:38 პოლიტიკა
არჩევნები თავისუფლებასა და სამართლიანობას უნდა ეფუძნებოდეს, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ყურადღებას მიაქცევს იმას, თუ როგორ განვითარდება საქართველოში სიტუაცია.
„ძალიან სერიოზულად ვეკიდები ბრალდებებს ნებისმიერ არჩევნებში დარღვევების თაობაზე და ყურადღებას გავამახვილებ საქართველოში სიტუაციის განვითარებაზე“, - წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი.
ცნობისთვის: ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 27 ოქტომბრის 11:00 სთ-სთვის დათვლილია საარჩევნო უბნების 99%-ის (3111–დან 3100) შედეგები და წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:
"ქართული ოცნება" – 54,08 % (1 117 480 ხმა).
„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 10.92% (225 680 ხმა);
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 10.12% (209 137 ხმა);
„ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 8.78% (181 424 ხმა);
„გახარია საქართველოსთვის“ – 7.76% (160 354 ხმა);
„გირჩი“ - 3,01% (62 217 ხმა);
„პატრიოტთა ალიანსი“ - 2,44% (50 463 ხმა);
„ლეიბორისტული პარტია“ - 0,72% (15 057 ხმა).
ცესკოს ცნობით, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.
4 ოპოზიციური სუბიქტიდან არჩევნების შედეგების არაღიარების შესახებ განცხადებები უკვე გააკეთეს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებმა. "ძლიერ საქართველოში" კი განაცხადეს, რომ ცესკო-ს მიერ გამოცხადებული შედეგები აცდენილია მოქალაქეების ნებას. პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს პირდაპირი გავლენა ჰქონდა შედეგებზე".


