საერთაშორისო მისიები საბოლოო პასუხს ჯერ ნაადრევად მიიჩნევენ, ხოლო პრემიერი ამტკიცებს, რომ არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს
27/10/2024 13:21:01 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ დღეს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიერ გამართულ პრესკონფერენციებს ეხმიანება და აცხადებს, რომ "არჩევნები არის შემდგარი".
რა თქვა პრემიერ–მინისტრმა
„ვუსმენდით პრესკონფერენციას, რომელიც სადამკვირვებლო მისიების ხელმძღვანელების მონაწილეობით გაიმართა. ამ პრესკონფერენციამ ცხადყო, რომ არავითარი ეჭვები და კითხვის ნიშნები არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არ არსებობს, პირიქით ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ ეს იყო კონკურენტული არჩევნები და მთლიანობაში, რა თქმა უნდა, საერთო შეფასება ასახავს იმ სურათს, რომელიც არის მოცემული - არჩევნები იყო კონკურენტული, ყველა თვალსაზრისით შესაბამისობაში იყო საარჩევნო პრინციპებთან. ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად ლოგიკური, ის განცხადებები, რომელიც გაკეთდა.
გარდა ამისა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტულ ტერმინებს იყენებდნენ მომხსენებლები, ამ არჩევნების და პროცესების შეფასებისას, ისინი საუბრობდნენ არჩეულ ხელისუფლებაზე, ვციტირებ გუშინ არჩეულ ხელისუფლებაზე, რაც პირდაპირ ნიშნავს, ბუნებრივია მთლიანობაში არჩევნების სრულად ლეგიტიმურად აღიარებას. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია", – განაცხადა კობახიძემ.
მან საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას მადლობა გადაუხადა:
"მე მადლობა მინდა გადავუხადო ყველას საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას ჩართულობისთვის. თქვენ იცით, რომ ჯერ კიდევ თებერვლიდან დავიწყეთ საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევა საქართველოში. ჩვენ ვიყავით აბსოლუტურად ღია დაკვირვებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვქონდა სურვილი ჩაგვეტარებინა აბსოლუტურად თავისუფალი, კონკურენტული, დემოკრატიული არჩევნები და სწორედ ამას ეფუძნებოდა ჩვენიო ღიაობა, კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც საარჩევნო პროცესებში იყო ჩართული, ვინც აკვირდებოდა არჩევნებს".
"არჩევნები არის შემდგარი! უახლოეს მომავალში შეჯამდება ცესკოს მიერ არჩევნების შედეგები, ჩაინიშნება პარლამენტის პირველი სხდომა და გაგრძელდება ქვეყნის სტაბილური განვითარება, რაც მთავარი ინტერესია თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის“, -დასძინა პრემიერმა.
რა თქვეს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა
"ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) და "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) წარმომადგენლებმა 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შესახებ თბილისში დღეს პრესკონფერენცია გამართეს.
როგორც ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, "ეს იყო ბევრი ნაკლოვანებებით დატვირთული არჩევნები, თუმცა საბოლოო პასუხის გაცემა ნაადრევია".
კერძოდ ჟურნალისტის კითხვაზე, "ფართოდ გავრცელებული ბრალდებები [დარღვევების შესახებ] ახდენენ ზეგავლენას საბოლოო შედეგზე, თუ არ არის საკმარისად მასშტაბური იმისთვის, რომ საერთო შედეგზე იქონიონ გავლენა?", IRI-ს პრეზიდენტმა დენ თვაინინგმა განაცხადა, რომ "საბოლოო პასუხის გაცემა ნაადრევია".
- "საარჩევნო პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ჩვენ 20 გრძელვადიანი დამკვირვებელი გვყავდა საქრთველოში ივნისის თვიდან მოყოლებული. ისინი აკვირდებოდნენ წინასააღჩევნო პერიოდს. ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდში ძალიან ბევრი ნაკლოვანება, მათ შორის არათაბარი გარემო დავაფიქსირეთ. ჩვენ გქვონდა საარჩევნო დღე, თუმცა ჯერ არ გვაქვს საბოლოო შედეგები. გვექნება ასევე არჩევნების შემდგომი პერიოდი, როდესაც მოხდება სასამართლო დონეზე დავების და საჩივრების განხილვა. ამიტომ ახლა ძალიან ნაადრევია საბოლოო პასუხის გაცემა. ეს იყო ბევრი ნაკლოვანენებით დატვითული არჩევნები, თუმცა საბოლოო პასუხის გაცემა ნაადრევია", – აღნიშნა დენ თვაინინგმა.
მსგავსი მოსაზრება დააფიქსირა NDI-ს პრეზიდენტმა თამარა ქოფმან ვითესმა.
- მეთოდოლოგია, რომესაც ჩვენ ვიყენებთ, ითვალისწინებს მთელ საარჩევნო პროცესს. არჩევნებამდე პერიოდს, არჩევნების დღეს და მის შემდგომ პერიოდს. მარტო არჩვენების დღე ვერ გვეუბნება მთელ პასუხს", – განაცხადა ვითესმა.
იხილეთ ასევე: NDI/IRI –ს შეფასება: "ოცნებამ" გამოიყენა სახელმწიფო რესურსები, იყო მუდმივი დაშინება და ზეწოლა საჯარო მოხელეებზე".
საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების OSCE/ODHIR–ის და PACE–ს წარმომადგენლებმა საქართველოში 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შესახებ დღეს პრეს–კონფერენცია გამართეს და წინასაარჩევნო პერიოდისა და უშუალოდ არჩევნების დღის პირველადი შეფასებები წარადგინეს.
OSCE–ს სპეციალური კოორდინატორი და OSCE–ს მოკლევადიან დამკვირვებელთა ხელმძღვანელი პასკალ ალიზარდი აცხადებს, რომ "კარგად ადმინისტრირებული საარჩევნო დღის მიუხედავად, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა არაერთი ხარვეზი აღმოაჩინეს როგორც წინასაარჩევნო პროცესში, ისე თავად არჩევნების დღეს".
იგი ამ კუთხით რამდენიმე საკითხს გამოყოფს: "არჩევნების პერიოდში არსებული პოლარიზებული გარემო; ამომრჩევლებზე ზეწოლისა და დაშინების ფაქტები", რაც მისი თქმით, "განსაკუთრებით ფართოდ იყო საჯარო მოხელეების მიმართ მთელი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში"; "დისბალანსი ფინანსური რესურსების მხრივ" და მისი თქმით, "ამ მხრივ, მმართველი პარტიის უპირატესობა, რაც ქმნიდა არათანაბარ სამოქმედო სივრცეს"; "პოლარიზებული მედიაგარემო და კერძო მედიასაშუაელებების ინსტრუმენტალიზება პოლიტიკური პროპაგანდისთვის და ქალების ნაკლები წარმომადგენლობა პარტიულ სიებსა და კამპანიებში".
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაციის ხელმძღვანელმა იულიან ბულაიმ განაცხადა, რომ "შემაშფოთებელი იყო ის სიძულვილის ენა, მიმართული სამოქალაქო საზოგადოებისა და განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანები მიმართ", რაც მისი თქმით, ასევე უკავშირდებოდა "აგენტების კანონის" მიღებას.
„კენჭისყრამდე და კენჭისყრის დროს, დავაფიქსირეთ შემთხვევები, როდესაც ხდებოდა ამომრჩევლების მოსყიდვა და ორმაგად ხმის მიცემა. განსაკუთრებით სოფლად. ჩვენი გამოცდილებით, ამ არჩევნებზე არსებობდა ორი სამყარო - ერთი საარჩევნო უბანზე, სადაც ხმის მიცემის ადმინისტრირების პროცესი იყო კარგად ორგანიზებული და მეორე - უბნების გარეთ. საარჩევნო უბნებზე მმართველი პარტიების მიერ დამონტაჟებული კამერები და ასევე ამომრჩევლების აღრიცხვა, ქმნიდა ზეწოლისა და დაშინების კლიმატს და იყო ასეთი შეგრძნება - „დიდი ძმა გიყურებს“. ეს ერთ-ერთმა ჩვენმა დამკვირვებელმა აღნიშნა. გარდა ამისა, საარჩევნო პროცესში დაფიქსირდა არათანაბარი პირობები და სხვა ნაკლოვანებები, რაც ძირს უთხრის მის შედეგსა და სამართლიანობას და საბოლოო შედეგებს“, – განაცხადა მან.
ამავე თემაზე: OSCE/ODHIR–ის და PACE–ს შეფასებები: "ამომრჩევლების მოსყიდვა, იყო შეგრძნება „დიდი ძმა გიყურებს“
ზემოთხსენებული ორგანიზაციების შეფასებამდე, საკუთარი შეფასებები გაავრცელა „არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპულმა ქსელმა“ (ENEMO-მ). იგი აცხადებს, რომ "საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პოლარიზებულ და შეზღუდულ გარემოში ჩატარდა, რაც ძირს უთხრის ინკლუზიურობას, გამჭვირვალობასა და სამართლიანობას".
ცნობისთვის: ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 27 ოქტომბრის 11:00 სთ-ისთვის დათვლილია საარჩევნო უბნების 99%-ის (3111–დან 3100) შედეგები და წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:
"ქართული ოცნება" – 54,08 % (1 117 480 ხმა).
„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 10.92% (225 680 ხმა);
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 10.12% (209 137 ხმა);
„ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 8.78% (181 424 ხმა);
„გახარია საქართველოსთვის“ – 7.76% (160 354 ხმა);
„გირჩი“ - 3,01% (62 217 ხმა);
„პატრიოტთა ალიანსი“ - 2,44% (50 463 ხმა);
„ლეიბორისტული პარტია“ - 0,72% (15 057 ხმა).
ცესკოს ცნობით, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.
4 ოპოზიციური სუბიქტიდან არჩევნების შედეგების არაღიარების შესახებ განცხადებები უკვე გააკეთეს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებმა. "ძლიერ საქართველოში" კი განაცხადეს, რომ ცესკო-ს მიერ გამოცხადებული შედეგები აცდენილია მოქალაქეების ნებას. პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს პირდაპირი გავლენა ჰქონდა შედეგებზე".


