ბოკუჩავა: არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას
27/10/2024 15:57:05 პოლიტიკა
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ლიდერის" თინა ბოკუჩავას თქმით, მათი კოალიციის საარჩევნო სიის წევრები პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.
"ჩვენ ვიყავით პირველი, ვინც გავაკეთეთ განცხადება გუშინ, იმასთან დაკავშირებით, რომ გუშინდელი ისტორიული არჩევნები მოიპარა ივანიშვილმა, რომ ეს არის ქართველი ხალხის ნების ტოტალური უგულებელყოფა, რომ ადგილი ჰქონდა რეალურად რუსული ტიპის სპეცოპერაციას ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომელმაც აირჩია ევროპული მომავალი და ივანიშვილმა მიიტაცა ეს გამარჯვება. ბუნებრივია, როდესაც ვთქვით, რომ არ ვაღიარებთ საარჩევნო შედეგს, ეს, რა თქმა უნდა, თავისთავად გულისხმობს იმას, რომ არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით საერთოდ კითხვის ნიშნებიც კი არ არსებობდა, როდესაც საუბარია ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობაზე". - თქვა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შესვლამდე.
მანდატებზე უარს ამბობენ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრებიც.
კოალიცია "ძლიერი საქართველოც" არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და აცხადებს, რომ სამოქმედო გეგმის შემუშავება, თანმიმდევრული ნაბიჯებია საჭირო. შედეგებს არ აღიარებს "საქართველოსთვის. ნათია მეზვრიშვილმა თქვა, რომ ახლა ხმების დაცვაა აუცილებელი.
ამ წუთებში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პრეზიდენტი ოპოზიციისა წარმომადგენლებს და დამკვირვებლებს ხვდება. ცნობილია, რომ ზურაბიშვილი განცხადებას გააკეთებს 21:00 საათზე.


