მდინარაძე: "სცენარის მიხედვით, ახლა ყველა უნდა გამოვიდეს და თქვან, რომ არ შემოვლენ პარლამენტში, არ ჩქარობენ"
27/10/2024 18:10:11 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე არჩევნების შედეგების არაღიარებაზე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება.
"სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები იყო რუსული და მე მას ვერ ვაღიარებო. (მარტო ლავროვი შემიძლია ვაღიაროო). სცენარის მიხედვით ახლა ყველა უნდა გამოვიდეს და თქვან, რომ არ შემოვლენ პარლამენტში. აბა ვნახოთ. p. s. არ ჩქარობენ", - წერს მდინარაძე სოცილაურ ქსელში.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.
ცნობისთვის: ცესკოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა ხმების 53,93%-ით.
ცესკოს ცნობით, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.
არჩევნების შედეგების არაღიარების შესახებ განცხადებები უკვე გააკეთეს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის", „კოალიცია ცვლილებისთვის“, "ძლიერი საქართველოს" და პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერებმა.


