რატომ არ იდგა "საქართველოსთვის" წარმომადგენელი კოლეგებთან ერთად საპრეზიდენტო ტრიბუნასთან
27/10/2024 18:26:06 პოლიტიკა
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არ აღიარებს არჩევნების ცესკო-ს მიერ გამოცხადებულ შედეგებს, მას "რუსული სპეცოპერაცია" უწოდა და მოქალაქეებს მოუწოდა, 28 ოქტომბერს, 19:00 საათზე გავიდნენ რუსთაველზე პროტესტის დასაფიქსირებლად.
ტრიბუნასთან პრეზიდენტთან ერთად იდგნენ ქარტიაზე ხელმომწერი სამი ოპოზიციური პარტიის - "კოალიციის ცვლილებებისთვის, "ძლიერი საქართველოს", "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები.
როგორც ცნობილია, ბრიფინგამდე პრეზიდენტსა და პოლიტიკოსებს შორის გამართულ შეხვედრაზე იმყოფებოდა პარტიის "საქართველოსთვის" წარმომადგენელი დიმიტრი ცქიტიშვილი, თუმცა ის ტრიბუნასთან არ მდგარა. მანამდე პარტია საუბრობდა სისტემურ დარღვევებზე და რომ გამოცხადებული შედეგები არ ასახავს ხალხის ნებას. ისინი მნიშვნელოვნად მიიჩნევენ ხმების დაცვის კუთხით მუშაობის გაგრძელებას, მათ შორის, მტკიცებულებების მოპოვების პროცესის.
პრეზიდენტის განცხადების შემდეგ მათ ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა როგორც „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ თქვა ჟურნალისტებთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ, რომ „გახარია - საქართველოსთვის“ წევრები პრეზიდენტთან გამართულ ყველა შეხვედრას ესწრებოდნენ და მზად არიან ნებისმიერი კოორდინაციისთვის, რომელიც სალომე ზურაბიშვილის „ქოლგის ქვეშ“ წარიმართება.
„გახარიას პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი პრეზიდენტი ქოლგის ქვეშ ნებისმიერ კოორდინაციას და კონსულტაციას მხარს უჭერენ და იქნებიან თანამონაწილე ნებისმიერი მაგვარი პროცესის, რომელიც წარიმართება პრეზიდენტის ქოლგის ქვეშ, კონკრეტულად, ამ ბრიფინგზე რატომ არ იყო, ბუნებრივია არ ვარ უფლებამოსილი ამაზე ვისაუბრო, თუმცა სრული კონსოლიდაციაა მათ შორის საზოგადოებრივი ჯგუფებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების”, - განაცხადა ბოკუჩავამ.
განახლებული
“ძვირფასო ამომრჩევლებო, ბევრი კითხვა მოდის რას ვაპირებთ. ვფიქრობ, გუშინაც და დღესაც ბრიფინგზე მკაფიოდ განვმარტეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი:
ეს არჩევნები არ გამოხატავს ამომრჩევლის ნებას. ივანიშვილმა ჩვენს არჩევანზე იძალადა. ახლა დაკავებული ვართ იმით, რომ ყველანაირი სამართლებრივი და პოლიტიკური მექანიზმის გამოყენებით, ყველა დონეზე, ამის აღიარებას მივაღწიოთ. თვეები მოვანდომეთ მტკიცებულებების მოგროვებას. ახლაც ამას ვაკეთებთ. დამკვირვებლებს ჯერ საბოლოო შეფასებები არ გამოუქვეყნებიათ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს შეფასებები იყოს კიდევ უფრო მძიმე.
ამაში ვდებთ ახლა მთელ ჩვენ ენერგიას. ეტაპობრივად კიდევ უფრო მეტ დეტალს გაგიზიარებთ.
არასოდეს გვახასიათებდა არათანმიმდევრულობა. ნაადრევად არც ოპოზიციის გამარჯვება გვიზეიმია. მესმის, ემოციური ფონია (და არჩევნების გაყალბების გათვალისწინებით, სავსებით სამართლიანად), მაგრამ ყველა გადაწყვეტილების შესახებ შეიტყობთ თანმიმდევრულად, სწორ დროს და სწორი ფორმით.
სრული პასუხისმგებლობით ვეკიდები ჩვენთვის მოცემულ თითოეულ ხმას. მერწმუნეთ, არ იქნება გაურკვეველი საკითხები“,- წერს "საქართველოსთვის" წარმომადგენელი ნათია მეზვრიშვილი.


