შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: სერიოზულად შეშფოთებული ვართ დარღვევებით საქართველოს არჩევნებში
27/10/2024 19:13:55 პოლიტიკა
"სერიოზულად შეშფოთებული ვართ დარღვევებით საქართველოს არჩევნებში, რომლებიც ეუთო/ოდირმა და სხვა დამკვირვებლებმა დააფიქსირეს", - ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარია სტენეგარდი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, "სამოქალაქო საზოგადოებისა და ფუნდამენტური უფლებების შემზღუდველი კანონები ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებს და ზრდის პოლარიზაციას და ხელისუფლებამ ისინი უნდა გაიწვიოს"
„მზად ვართ ვიმუშაოთ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე ყველა ძალასთან პარლამენტში, ვინც ნამდვილად ერთგულია ევროპული ღირებულებებისა და პრინციპების”, - წერს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ცნობისთვის: ცესკოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა ხმების 53,93%-ით.
არჩევნების შედეგების არაღიარების შესახებ განცხადებები უკვე გააკეთეს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის", „კოალიცია ცვლილებისთვის“, "ძლიერი საქართველოს" და პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერებმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.


