ევროკავშირის წარმომადგენელი: "თუ საქართველოში მოგზაურობისას ორბანმა განაცხადა, რომ იგი ბლოკს წარმოადგენს, ეს სიყალბე და უსირცხილო „ფეიკ ნიუსი" იქნება"
28/10/2024 09:11:47 პოლიტიკა
"უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ორშაბათს ეწვევა საქართველოს და შეხვდება ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ლეგიტიმაციას მიანიჭებს მთავრობას, რომელსაც შაბათს ჩატარებული არჩევნების შემდეგ ხმების გაყალბებაში ადანაშაულებენ", – ასე ეხმიანება Politico საქართველოში ორბანის ვიზიტს.
როგორც გამოცემა წერს, 26 ოქტომბრის არჩევნების შესახებ ბრიუსელის განცხადებიდან დაახლოებით 2 საათის შემდეგ, მთავრობამ ქვეყანაში უნგრეთის პრემიერ–მინისტრის 2–დღიანი ვიზიტი დააანონსა.
"ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტი უნდა იქნას გაგებული მხოლოდ, როგორც ორბანის მორიგი სოლო მცდელობა, რომელიც მოგზაურობს ეროვნული უფლებამოსილების ფარგლებში", – ამის შესახებ, Politico-ს ინფორმაციით, გამოცემას ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენელმა განუცხადა.
"თუ მოგზაურობის დროს ორბანმა განაცხადა, რომ იგი ევროკავშირს წარმოადგენს, ეს იქნება სიყალბე და უსირცხილო „ფეიკ ნიუსი", – დასძინა, გამოცემის ცნობით, მან.
ცნობისთვის: დღეს საქართველოს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვევა.
როგორც უნგრეთის პრემიერის პრეს–სპიკერი ზოლტან კოვაქსი სოციალურ ქსელში წერს, ორბანი საქართველოში ქართველი კოლეგა ირაკლი კობახიძის მიწვევით ჩადის.
მისივე ცნობით, ორბანთან ერთად საქართველოში ჩამოვლენ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო, ეროვნული ეკონომიკის მინისტრი მარტონ ნაგი და ფინანსთა მინისტრი მიჰალი ვარგა.
27 ოქტომბერს– საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების მეორე დღეს – მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა ცნობა, რომ 28-29 ოქტომბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ორბანი ეწვეოდა, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია რომელი მხარის ინიციატივა იყო ვიზიტის განხორციელება.
"28-29 ოქტომბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვევა. უნგრელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ვიქტორ ორბანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაში არიან უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო, უნგრეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი მარტონ ნადი, უნგრეთის ფინანსთა მინისტრი მიხაი ვარგა, სახელმწიფო მდივანი იანოშ მატე და სხვა ოფიციალური პირები", – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგების თანახმად, პირველ ადგილზე ხმების 53,931%-ით მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ არის. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
წინასწარი ოფიციალური შედეგები ასე გამოიყურება:
- „ქართული ოცნება“ - 53,931%;
- "კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
- "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
- "ძლიერი საქართველო" - 8,81%;
- "გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.
ხსენებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი არ აღიარეს. სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას მიმართა, 28 ოქტომბერს პარლამენტთან შეიკრიბონ მსოფლიოსთვის იმის საჩვენებლად, რომ არჩევნების შედეგებს არ ცნობენ.


