ანა დოლიძე: ვაგროვებთ მტკიცებულებებს საერთაშორისო გამოძიებისთვის
28/10/2024 11:23:06 პოლიტიკა
„ძლიერ საქართველოში“ გავხსენით შტაბი, სადაც ვაგროვებთ მტკიცებულებებს საერთაშორისო გამოძიებისთვის", - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, "არჩევნები ხელისუფლებამ მიიტაცა".
„ჩვენ ბუნებრივია, პირველ რიგში, ვხედავთ, განვიცდით, დავინახეთ და დღეს ვაფიქსირებთ ყველა იმ დარღვევას და დანაშაულს, რის მეშვეობითაც მოტაცებული იქნა არჩევნები. ჩვენ გავხსენით შტაბი „ძლიერ საქართველოში“, სადაც ვაგროვებთ მტკიცებულებებს საერთაშორისო გამოძიებისთვის. ეს არ იყო ჩვეულებრივი გაყალბება, რუტინული, ეს არის რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი საერთაშორისო დანაშაული. ჩვენ ამ პარლამენტში შესვლას არ განვიხილავთ,“ - განაცხადა დოლიძემ.
ცნობისთვის: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგების თანახმად, პირველ ადგილზე ხმების 53,931%-ით მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ არის. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
წინასწარი ოფიციალური შედეგები ასე გამოიყურება:
„ქართული ოცნება“ - 53,931%;
"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
"ძლიერი საქართველო" - 8,81%;
"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.
ხსენებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი არ აღიარეს. სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას მიმართა, 28 ოქტომბერს პარლამენტთან შეიკრიბონ მსოფლიოსთვის იმის საჩვენებლად, რომ არჩევნების შედეგებს არ ცნობენ.


