პრეზიდენტი: დარღვევების მასშტაბი აიხსნება იმით, რომ "ოცნება" იმედოვნებდა საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას, პირველ რიგში, ჩემი იმპიჩმენტი უნდოდათ
28/10/2024 11:58:31 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების მასშტაბი აიხსნება იმით, რომ "ქართული ოცნება" იმედოვნებდა საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას.
„პირველ რიგში, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს ვინმესთან კოალიციის შექმნის განზრახვა, მათ აქვთ უმრავლესობა. ისინი იმედოვნებდნენ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას და ვფიქრობ, ეს ხსნის დარღვევების მასშტაბს, რომ ისინი მიზნად ისახავდნენ ხმათა 60%-ის მოპოვებას იმისთვის, რომ გაეგრძელებინათ პროგრამა, რომელიც გულისხმობდა, პირველ რიგში, პრეზიდენტის იმპიჩმენტს, შემდეგ ოპოზიციური ძალების დაპატიმრებას და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის გასამართლებას. არ ვფიქრობ, რომ ეს არის პროგრამა კოალიციისთვის. კოალიცია იყო პროევროპული ძალების პროგრამა. მე მიზნად ვისახავდი 4 პროევროპულ პარტიასთან ერთად ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებას, იმისთვის, რომ ხელი შემეწყო ამ კოალიციის დაწყებისთვის. მსგავსი შანსი არ მოგვეცა მმართველი პარტიის მიერ, რომელიც ყველა პირობებში შეინარჩუნებდა პარლამენტში პოზიციების 30%-ს და იქნებოდა დემოკრატიული ოპოზიციური ძალა. ეს გზა არ იქნა არჩეული, მათ აირჩიეს დიქტატურა და არა დემოკრატია", – განაცხადა მან დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში.
ცნობისთვის: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგების თანახმად, პირველ ადგილზე ხმების 53,931%-ით მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ არის. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
წინასწარი ოფიციალური შედეგები ასე გამოიყურება:
„ქართული ოცნება“ - 53,931%;
"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
"ძლიერი საქართველო" - 8,81%;
"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.
ხსენებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი არ აღიარეს. სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას მიმართა, 28 ოქტომბერს პარლამენტთან შეიკრიბონ მსოფლიოსთვის იმის საჩვენებლად, რომ არჩევნების შედეგებს არ ცნობენ.


