ხაზარაძე: „იქნება მშვიდობიანი აქცია და იქ გაგაცნობთ გეგმას“
28/10/2024 13:24:00 პოლიტიკა
„კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“, „ძლიერი საქართველოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოქმედების გზების შესახებ შეხვედრა გამართეს. კონსულტაციას ესწრებოდა პრეზიდენტის წარმომადგენელიც. შეხვედრის შემდეგ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ გეგმას პარლამენტის შენობის წინ დანიშნულ აქციაზე წარადგენენ.
„დღეს, 19:00 საათზე ველოდებით იმ ადამიანებს, რომლებსაც წაართვეს ყველაზე მთავარი, ღირებული - საკუთარი არჩევანი. ჩვენ დავიცავთ თითოეული ჩვენი მოქალაქის და ამომრჩევლის ხმას, ეს ასე არ დამთავრდება. რა თქმა უნდა, ეს იქნება მშვიდობიანი აქცია და იქ გაგაცნობთ გეგმას“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ცნობისთვის: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგების თანახმად, პირველ ადგილზე ხმების 53,931%-ით მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ არის. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
წინასწარი ოფიციალური შედეგები ასე გამოიყურება:
„ქართული ოცნება“ - 53,931%;
"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
"ძლიერი საქართველო" - 8,81%;
"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.
ხსენებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი არ აღიარეს. სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას მიმართა, 28 ოქტომბერს პარლამენტთან შეიკრიბონ მსოფლიოსთვის იმის საჩვენებლად, რომ არჩევნების შედეგებს არ ცნობენ.


