პრეზიდენტი - დემონსტრანტებს: შემიძლია, ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე ამ ევროპულ გზაზე!
28/10/2024 16:06:41 პოლიტიკა
დაწერილი შედეგები არ იქნება საბოლოო!,- მიმართა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მისი მოწოდების შემდეგ რუსთაველზე არჩევნების გამოცხადებული შედეგების გასაპროტესტებლად გასულ მოქალაქეებს. მას მოქალაქეები აპლოდისმენტებით შეხვდნენ.
"თქვენ არ წაგოგიათ ეს არჩევნები, თქვენი ხმა მოიპარეს, სცადეს, რომ თქვენი მომავალიც მოიპარონ, მაგრამ ამის უფლება არავის აქვს და თქვენ ამის უფლებას არავის მიცემთ! აქ არის ის დროშა, რომლითაც საქართველომ პირველად გამოაცხადა თანამედროვე ეპოქაში დამოუკიდებლობა და თავისუფლება. ეს არის ის დროშა, რომლის გაგრძელებაც არის ჩვენი დღევანდელი დროშა და ორივე დროშის წინაშე შემიძლია, ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნბი ბოლომდე ამ ევროპულ გზაზე და სანამ არ ვივაღწევთ იმ ევროპის კარებთან, რომელიც არის ჩვენი ნამდვილი ოცნება კი არა, რეალობა, მომავალი - სხვა ალტერნატივა ჩვენ არ გვაქვს და არც გვინდა ამ ქვეყნისთვის, მომავალი თაობებისთვის. დამოუკიდებლობა, ევროპულობა, ეს ქართული იდენტობა, რომელიც არის ესოდენ ძვირფასია!",- მიმართა აქციის მონაწილეებს სალომე ზურაბიშვილმა.
მან დემონსტრანტებს ერთგვარი ანგარიში წარუდგინა მის მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ. კერძოდ, თქვა, რომ ესაუბრა დაახლოებით, 17 საერთაშორისო მედიას, ექვს პრეზიდენტს, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნების, ესაუბრა საგარეო საქმეთა მინისტრებს.
"წაიკითხავდით მხარდაჭერის გზავნილებს, რაც მოდის სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდან, მათ შორის აშშ-დან. სახელმწიფო მდივნის მკაფიო განცხადება იყო. არავინ, გარდა ერთი ადამიანისა, რომელმაც აქ ჩაიარა [საუბარია ვიქტორ ორბანზე - რედ.], არ აღიარებს არსებულ არჩევნებს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ გამოძიება და ბოლომდე მივიყვანოთ...სხვათა შორის, შესაძლოა, ამაში მივიღოთ საერთაშორისო მხარდაჭერა, რომ ეს გამოძიება იყოს სრულყოფილი და არ დავტოვოთ არც ერთი კითხვა პასუხის გარეშე. ამაში ძალიან აქტიურად არიან ჩართული - და ეს ვიცი - ჩვენი სადამკვირვებლო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები. ყველანი ერთად და თქვენი დახმარებით - თქვენც გაქვთ ბევრი მტკიცებულება - უნდა შევქმნათ სრული სურათი, თუ როგორ მოხდა ის უპრეცედენტო, უნიკალური წართმევა ხმების ასე მასიურად, ასე სისტემურად. ეს არის წინასწარ დაგეგმილი ოპერაცია, რომელმაც წაგვართვა ხმები, წაგვართვა პარლამენტი, კონსტიტუცია. მაგრამ ჯერ კიდევ უნდა ვიმუშავოთ, რომ დავდოთ შედეგები და მოვითხოვოთ ამ შედეგების შესრულება. ეს არის პირველი ეტაპი",- თქვა პრეზიდენტმა და ხაზი გაუსვა რომ ოპოზიციონერები თავად ეტყვიან ადამიანებს სათქვემს, "ჩვენ ერთად ვართ. არავინ დატოვებს ამ უსამართლო შედეგებს ასეთ დღეში. ერთად ვართ და ძალიან მშვიდობიანად, როგორც დღეს ხართ, დავიცვათ ჩვენი კონსტიტუციური უფლება. ჩვენ, მეტი არაფერი გვაქვს - მეც, სხვათა შორის, გარდა ხმისა. ხმა ერისა, რომელიც უნდა აღვასრულოთ და ასეც იქნება, დარწმუნებული ვარ".
მან ხაზი გაუსვა, რომ ახლა არც პესიმიზმის, არც შეგუების დრო არაა, "დროა იმის, რომ ძალიან მშვიდად, მიზანმიმართულად დავიცვათ ჩვენი ხმა".
სიტყვით გამოსვლის შემდეგ მან სცენა პოლიტიკოსებს დაუთმო და ხაზი გაუსვა, რომ ეს არ არის ხელოვნური ერთობა და რომ ქარტია ერთადერთი გამოსავალია.


