გახარია - აქციაზე: მთავარი მოთხოვნა თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნებია
28/10/2024 17:44:04 პოლიტიკა
"საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა, თუმცა არ ასულა ტრიბუნაზე და არ მიუმართავს იწიდან საზოგადოებისთვის.
მან მედიასთან კომენტარში თქვა, რომ მთავარი მოთხოვნა თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნებია.
"მთავარი მოთხოვნა არის თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები, რომელიც ქვეყანას მიეხმარება ევროპულ გზაზე გაწევრიანებაში და არა - ხელს შეუშლის. არჩევნები კი არაა თვითმიზანი, თვითმიზანია სამართლიანობა და ჩვენი ევროპული მომავალი. თვითონ ხომ გააფუჭეს, თვითონ ხომ შეიყვანეს ქვეყანა ამ ჩიხში, ფაქტობრივად დღეს ჩიხში ვართ, საქართველოს დიდი ნაწილი დღეს დგას ქუჩაში და ამბობს, რომ "ჩვენს ნებას ეს შედეგები არ ასახავს, მოგვატყუეს". შესაბამისად, ხალხს ტყუილში ცხოვრება არ უნდა და ამ ხალხის ლეგიტიმაციის, საერთაშორისო ლეგიტიმაციის გარეშე როგორ უნდა იცხოვრონ? ისედაც, დაცვის გარეშე ვერ გამოდიოდნენ ქუჩაში", - განაცხადა გახარიამ.
მას სცენიდან მიმართა "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა ალეკო ელისაშვილმა:
„გუშინ გახარიას პარტიის ერთ-ერთ წარმომადგენელს ვუსაყვედურე, ცოტა უკმეხად გამომივიდა, არ მინდოდა, მაგრამ გადაღლილები ვართ, დაქანცულები და ზედმეტად ემოციურად გამომივიდა. არ ვიცი, აქ არის თუ არა, გახარია, ყოველ შემთხვევაში, ძალიან ვაჟკაცი ბიჭი დგას მის გვერდით - ლევან გოგიჩაიშვილი და ის დავინახე, რომ აქციაზე არის. მინდა, გახარიასაც ვუთხრა კაცურადაც და ადამიანურადაც - აქედან მილანძღია, იცოცხლე, არც თუ ისე უსაფუძვლოდ, 20 ივნისი დღემდე ვერ მომიხარშია, ახლა არ არის ერთმანეთის წყენების გახსენების დრო, აქ უნდა ვიდგეთ ყველა, პრანჭვის დრო არ არის, ერთად ბრძოლის დროა! არჩევნებს რომ დავანიშვნინებთ მერე ვიკამათოთ, მერე ვიკინკლაოთ, მაგრამ ახლა ჩვენს თავში უნდა მოვძებნოთ ძალა, ჩვენს თავზე, ჩვენს წყენებზე, ჩვენს ბოღმაზე მაღლა დავდგეთ, ერთმანეთს ხელი ჩამოვართვათ, რადგან საქართველო განსაცდელშია და ყველამ გადავარჩინოთ ჩვენი საქართველო“.
აქციაზე ოპოზიციურმა პარტიებმა მოქალაქეებს სამოქმედო გეგმა გააცნეს:
- „პირველი, როგორც თქვენ, ასევე ჩვენ, ამ არჩევნებს ვცნობთ არალეგიტიმურად.
- მეორე, არ ვაპირებთ ამ პარლამენტში შესვლას და არათუ შესვლას, ჩვენ ჩავხსნის სიებს.
- მესამე, ჩვენ ვაპირებთ ვიბრძოლოთ გამარჯვებამდე და გავიმარჯვებთ ერთად.
- მეოთხე, ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული მოთხოვნა, ჩატარდეს არჩევნები ახლიდან, ოღონდ არჩევნები ჩაატაროს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციამ.არ ვაპირებთ არანაირ მოლაპარაკებებში შესვლას, არ ვაპირებთ არანაირი დიალოგების წარმოებას. ერთადერთი მოლაპარაკება და შეთანხმება უნდა იყოს ახლიდან ჩატარებულ არჩევნებზე, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო ადმინისტრაცია“.
ამ დროისთვის რუსთაველზე აქცია დასრულებულია, თუმცა ადამიანები კვლავ რჩებიან პარლამენტის წინ. "ძლიერი საქართველოს" წევრმა ლევან ცუცქირიძემ თქვა, რომ მათ ხალხისგან მანდატის მიღება სურდათ და ამას ემსახურებოდა დღევანდელი შეკრება, "გავაგრძელოთ ბრძოლა და კვლავ შევიკრიბებით, თუ საჭირო გახდება".


