აშშ არ გამორიცხავს "შემდგომ შედეგებს, თუ საქართველოს მთავრობის კურსი არ შეიცვლება"
28/10/2024 19:01:47 პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე საქართველოს შესახებ ისაუბრა და არ გამორიცხა შემდგომი შედეგები, "თუ საქართველოს ხელისუფლების მიმართულება არ შეიცვლება“.
ის მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, განიხილონ ის, თუ როგორი ურთიერთობა სურთ ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან, ვიდრე იმ პოლიტიკის გაძლიერება, რომელსაც ავტორიტარები აქებენ.
"ქართველი ხალხის 80%-ზე მეტს სურს იხილოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებული ქვეყანა. ამჟამინდელი მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებული და მხარდაჭერილი საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს სწრაფვას ამ ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრიანებისკენ. ამ მიზნის მხარდასაჭერად ყველა პარტია აწარმოებდა კამპანიას, მაგრამ მმართველმა პარტიამ ამ კურსთან შეუთავსებელი ზომები მიიღო. საქართველოს მთავრობას შეუძლია, დაუბრუნდეს დემოკრატიული განვითარების გზას კანონის უზენაესობის დაცვით, საარჩევნო პროცესში ხარვეზების აღმოფხვრით, ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის გაუქმებითა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის რეფორმების შესახებ რეკომენდაციების განსახორციელებლად მნიშვნელოვანი ძალისხმევის გაწევით. მიმდინარე წლის განმავლობაში, ჩვენ მუდმივად მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვას ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე და დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას. ჩვენ არ გამოვრიცხავთ შემდგომ შედეგებს, თუ საქართველოს ხელისუფლების მიმართულება არ შეიცვლება“, - განაცხადა მეთიუ მილერმა.
მილერმა წინასაარჩევნო გარემო კრიტიკულად შეაფასა და თქვა, რომ „ქართველი ხალხი შაბათს არჩევნებზე მივიდა იმ საარჩევნო გარემოში, რომელიც მმართველი პარტიის პოლიტიკით, მათ შორის სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენების, ხმების ყიდვისა და ამომრჩევლის დაშინების ფონზე შეიქმნა":
"ამან ხელი შეუწყო არათანაბარ გარემოს და არჩევნების სამართლიანი შედეგის შესაძლებლობის მიმართ ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების ნდობას ძირი გამოუთხარა. ჩვენ ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებებს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევის სრული გამოძიების შესახებ და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პატივი სცეს გამოხატვის ფუნდამენტური თავისუფლებებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებებს",- თქვა მილერმა.
მას ჰკითხვეს უშუალოდ არჩევნების შესახებ, თუ როგორ წარიმართა პროცესი:
„ამ დროისთვის შედეგების საბოლოო შეფასება არ გვაქვს, ჩვენ გვინდა, რომ გამოძიება ჩატარდეს. გვინდა, რომ პროცესის გამოძიება ვნახოთ. ჩვენ დარღვევები აღვნიშნეთ და სრული გამოძიების შესახებ ადგილობრივი ოფიციალური პირების მოწოდებებს ვუერთდებით“.


