Accentnews.ge
დავითაშვილი - ორბანის ვიზიტზე: ეს არის პატივისცემა მოსახლეობის სწორი არჩევანის

დავითაშვილი - ორბანის ვიზიტზე: ეს არის პატივისცემა მოსახლეობის სწორი არჩევანის

28/10/2024 20:25:14 პოლიტიკა

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რომელიც აეროპორტში დახვდა უნგრეთის დელეგაციას, საკითხის კომენტირებისას თქვა, რომ უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა, რაც "კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ევროპასთან თანამშრომლობის მნიშვნელობას, ჩვენს ევროპულ ასპირაციას".

26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები საქართველოს მთავრობას დასავლური ქვეყნებიდან მხოლოდ უნგრეთის პრემიერმა მიულოცა "ეგზიტპოლების" გამოცხადებისთანავე, ცესკო-ს წინასწარი შედეგების გამოქვეყნებამდეც კი. 2012 წელს ის „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიაშიც მონაწილეობდა. ხოლო 2014 წელს, როცა უკვე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უნგრეთში შეხვდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭირა მხარი.

„ეს არის ძალიან მკაფიო მხარდაჭერა - უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ბატონ ვიქტორ ორბანის ვიზიტი საქართველოში. ეს არის აღიარება იმ მნიშვნელოვანი გამარჯვების, რომელიც არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა და, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სრული მხარდაჭერა. ეს არის მათ შორის, პატივისცემა მოსახლეობის სწორი არჩევანის, და ვფიქრობ, რომ ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ იმ მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც გვქონდა“, - თქვა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ვიქტორ ორბანის ესკორტმა რამდენიმე საათის წინ თბილისი მერიოტიდან, რუსთაველის გამზირზე გაიარა. აქციის მონაწილეებმა, რომლებიც ცესკოს გამოცხადებულ შედეგებს აპროტესტებენ, ის შეძახილებით გააცილეს.

როგორც ცნობილია, ორბანი პრემიერ კობახიძის მოწვევით სტუმრობს საქართველოს. უნგრეთის დელეგაციის ვიზიტი 29 ოქტომბერს დასრულდება.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ ორბანი საქართველოში ვიზიტისას ევროკავშირს არ წარმოადგენს.

"ჩვენ ვაკრიტიკებთ პრემიერ-მინისტრ ორბანის ვიზიტს საქართველოში. ის არ საუბრობს ევროკავშირის სახელით”, – ასევე ნათქვამია ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრების განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S