კორძაია: დავიწყოთ კამპანია სახელწოდებით „გადაამოწმე შენი თავი სად მიეცი ხმა“
29/10/2024 09:19:07 პოლიტიკა
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია გამოდის ინიციატივით, რომ დაიწყოს კამპანია სახელწოდებით „გადაამოწმე შენი თავი სად მიეცი ხმა“.
კორძაიას თქმით, თუ ხელისუფლება ამ ბაზას არ შექმნის, ეს ნიშნავს, რომ მას საქართველოს მოქალაქეების „ეშინია“.
„დავიწყოთ კამპანია სახელწოდებით - „გადაამოწმე შენი თავი სად მიეცი ხმა“. ეს რომ გავაკეთოთ, აუცილებელია ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მყისიერად მოახდინოს ვებ-გვერდის ადაპტირება და შექმნას არჩევნებში მონაწილეთა ბაზა. შექმნას იმისათვის, რომ ამომრჩეველს მიეცეს შესაძლებლობა, გადაამოწმოს საკუთარი თავი არჩევნებზე მიმსვლელთა ამომრჩეველთა სიაში. თუ ხელისუფლება თვლის და ამტკიცებს, რომ გაყალბებას და ტექნოლოგიურ მანიპულაციებს ადგილი არ ჰქონია, მას შეუძლია ასეთი ბაზა დაუყოვნებლივ შექმნას და დაიბრუნოს საქართველოს მოქალაქეების ნდობა. თუ არ შექმნის, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეების ეშინია, რადგან ისინი რეალურ შედეგებს შეამოწმებენ“,- განაცხადა თამარ კორძაიამ.
ცნობისთვის: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:
„ქართული ოცნება“ - 53,931%;
"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
"ძლიერი საქართველო" - 8,81%;
"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.


