მეზვრიშვილი - პროკურატურას: ივანიშვილს როდის იბარებთ სახელმწიფოს წინააღმდეგ ღალატზე?
30/10/2024 08:50:56 პოლიტიკა
პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ნათია მეზვრიშვილი ეხმაურება საქართველოს პროკურატურაში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვაზე დაბარებას.
ნათია მეზვრიშვილის თქმით, ეს გამოძიება და პრეზიდენტის დაბარება ისტორიას დარჩება, როგორც ყველაზე სამარცხვინო ფაქტი.
„რას დაემსგავსეთ, რას? ივანიშვილს როდის იბარებთ სახელმწიფოს წინააღმდეგ ღალატზე? პაპუაშვილს როდის იბარებთ მუქარაზე?
ადამიანებზე თავდასხმაზე, ძალადობაზე, თვალთვალზე როდის იწყებთ გამოძიებას? ეს გამოძიება და ეს დაბარება ისტორიას დარჩება, როგორც ყველაზე სამარცხვინო და როგორ მწყდება გული, რომ ამას თქვენ აკეთებთ“, – წერს მეზვრიშვილი Facebook-ზე.
საქართველოს პროკურატურამ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოკითხვაზე დაიბარა. საქმე, პროკურატურის განცხადების მიხედვით, ეხება ცესკოს მიმართვის საფუძველზე საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას. საქმე აღძრულია სსკ-ის 164³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
პროკურატურა პრეზიდენტს გამოკითხვაზე 31 ოქტომბერს იბარებს.
"ცესკო-ს განცხადებისა და საჯარო სივრცეში მასმედიის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უნდა ფლობდეს მტკიცებულებებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით, რის გამოც, კანონით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტი, მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, გამოკითხვის მიზნით დაბარებულია საგამოძიებო უწყებაში.
საქართველოს პროკურატურა ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, როგორც ცესკო-ს მომართვაში მითითებული, ამავდროულად, საქართველოს პრეზიდენტის, ცალკეული პოლიტიკური პარტიებისა და სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლების მიერ გაჟღერებული ფაქტების შესწავლის მიზნით. მათ შორის, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება ყველა ის პირი, რომელიც შესაძლებელია, ფლობდეს ინფორმაციას სავარაუდო, დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით.
აქვე, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს გამოვლენილი ცალკეული სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით, სამართალდამცავი უწყებები აქტიურად აწარმოებენ გამოძიებას არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე.
გამოძიების შედეგების შესახებ პროკურატურა პერიოდულად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას",- ნათქვამია განცხადებაში.
პრეზიდენტის რეზიდენციაში ჯერ საპასუხო განცხადება არ გაკეთებულია. უცნობია, გეგმავს თუ არა პრეზიდენტი გამომძიებელთან შეხვედრას.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია და პრეზიდენტი არ აღიარებენ ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს და საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ.


