სენატორი უიკერი: ქართველი ხალხი არჩევნებზე მივიდა, ღირსეული, გამჭვირვალე და კანონიერი პროცესის ნაცვლად, მათ ფარსი მიიღეს
31/10/2024 08:12:04 პოლიტიკა
ღირსეული, გამჭვირვალე და კანონიერი პროცესის ნაცვლად, ქართველმა ხალხმა ფარსი მიიღო. ამის შესახებ განცხადებას ამერიკელი სენატორი, როჯერ უიკერი (რესპუბლიკური პარტია) ავრცელებს.
როგოც იგი აღნიშნავს, "იზიარებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის აზრს, რომ არჩევნები არ იყო არც თავისუფალი, არც სამართლიანი და არც ხალხის ნებას ასახავდა".
“გასულ შაბათს ქართველი ხალხი არჩევნებზე მივიდა, რათა საკუთარი დემოკრატიული უფლება გამოეყენებინათ შემდეგი მთავრობის ასარჩევად. ღირსეული, გამჭვირვალე და კანონიერი პროცესის ნაცვლად, მათ ფარსი მიიღეს. ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს ძირი გამოეთხარა დარღვევებით, მათ შორის – დაშინებით, ძალადობით, ხმების ყიდვით, და შედეგებით, რომლებიც მკვეთრად განსხვავდებოდა სანდო დამოუკიდებელი წინასაარჩევნო გამოკითხვებისგან და ეგზიტპოლებისგან ისევე, როგორც წინასაარჩევნო ტრენდებისგან", - აღნიშნა მან.
უიკერის თქმით, "ამ არჩევნების მანიპულაცია არა მხოლოდ დარტყმაა საქართველოს მყიფე დემოკრატიისთვის, არამედ, თუ ეს იქნება „გატარებული“, დასასრულია ქვეყნის დიდი ხნის ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის და შესაძლოა, მისი სუვერენიტეტისთვისაც“.
"ვიდრე “ქართული ოცნება” არადემოკრატიული ზომების მეშვეობით და მოძალადე ავტორიტარების მეთვალყურეობის ქვეშ ძალაუფლებას ებღაუჭება, ისინი მოიმკიან ზიზღსა და იზოლაციას, რომელსაც სავსებით იმსახურებენ”, – დასძინა სენატორმა.
ცნობისთვის: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:
„ქართული ოცნება“ - 53,931%;
"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
"ძლიერი საქართველო" - 8,81%;
"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.


