პაპუაშვილი – ჟურნალისტს, რომელიც დაინტერესდა, ვინ მიულოცა "ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება: "26 ოქტომბერს დაბადების დღე არ გვქონია, რომ მილოცვებს ველოდოთ"
31/10/2024 08:28:46 პოლიტიკა
"ჩვენ 26 ოქტომბერს დაბადების დღე არ გვქონია, რომ მილოცვებს და ტორტებს ველოდოთ. თქვენ შეიძლება, გგონიათ, რომ ტორტი უნდა გაჭრათ და სანთლები ჩააქროთ. ასეთი განწყობები იყო თქვენს (ოპოზიციის) ოფისებში ეგზიტპოლის ყალბი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, მაგრამ სინამდვილეში ვინც იზეიმა და ვინც მოგვილოცა, არის მინიმუმ, მილიონ 120 ათასი ქართველი ამომრჩეველი და სხვა ქართველები, რომლებიც ამ არჩევანით არიან გახარებული. ეს არჩევნები ნიშნავს, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ქვეყანა ქართველი ხალხის ინტერესით იმოქმედებს და არა სხვათა ინტერესით“, -ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, "რამდენმა ქვეყანამ მიულოცა “ქართულ ოცნებას“ 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვება და რამდენი ქვეყნისგან მიიღეს მათ აღიარება".
ცნობისთვის: უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი ერთ-ერთი პირველი ლიდერი იყო, ვინც "ქართულ ოცნებას" გამარჯვება ტელეკომპანია „იმედის“ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ მიულოცა. აღნიშნულის შემდეგ "ოცნებამ" მილოცვები რუსი პროპაგანდისტებისა და კრემლის იდეოლოგებისგან მიიღო. ამ დრომდე არსებული ოფიციალური ინფორმაციით, მმართველმა პარტიამ მილოცვები მიიღო თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, საუდის არაბეთის და ჩინეთის წარმომადგენლებისგან.


