პაპუაშვილი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან დაახლოებაში პროგრესის ვერმიღწევას რუსეთისთვის სანქციების არდაწესებით ხსნის
31/10/2024 09:22:13 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან დაახლოებაში პროგრესის ვერმიღწევას რუსეთის სანქციების არდაწესებით ხსნის.
"არსებობს ორი გზა: ერთი არის ისტერიული გზა - „ოღონდ და ყველაფერზე წამსვლელები არიან“ და მერორე არის „ქართული ოცნების“ გზა, რომელიც საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით მოძრაობას გულისხმობს, დაფიქრებულს, წინდახედულს. ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ ჩანაწერი, სადაც წერია, რომ არის 49%-იანი დაახლოება (ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან საქართველოს საგარეო პოლიტიკის დაახლოება), ოღონდ, ამის სანაცვლოდ არ გავრისკოთ ამ ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობა, ამ ქვეყნის უსაფრთხოება.
ოპოზიცია და თქვენთან [ტვ.პირველთან] აფილირებული ბატონი „ლელოს“ ხელმძღვანელობას წინასაარჩევნო დაპირება ჰქონდათ, ხომ გინახავთ „ფლაერები“? პირველი პუნქტი, რა წერია - სანქციების დაწესება რუსეთისთვის, ევროკავშირის ყველა სანქციასთან მიერთება, წერტილი! ეს, პირდაპირ უწერიათ. რასაც ჩვენ ვამბობდით, იმას მეორე დღესვე გააკეთებდნენ. ქართველი ხალხი, რომ ბოლომდე რაღაცნაირად მოეტყუებინათ და ხელისუფლება ხელში ჩაეგდოთ, დღეს უკვე - არა , დღეს არა, მაგრამ სანქციები დაწესებული იქნებოდა რუსეთთან, ანგარიშში ჩაიწერებოდა 100%-იანი თანხვედრა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან და საქართველოში გვექნებოდა დანგრეული ეკონომიკა. აი,ეს არის ოპოზიციის გზა, რაც იყო და ამას ვერ ხვდებიან, რომ ხალხმა ეს გაიგო ძალიან კარგად, რომ ოპოზიცია ანგრევდა ამ ქვეყანას, ოღონდ ვიღაცის შექება, რაღაც დოკუმენტში ამოეკითხათ შექება და მზად იყვნენ ამ ქვეყნის დანგრევისთვის, ამიტომ, გამოვიდა „ქუდზე კაცი“ და თქვეს, რომ არა!
კახელებმა ამიტომ თქვეს,რომ „ჩვენ ღვინის სექტორს არ დაგანგრევინებთ, ასე მალე“, მათ შორის ამ სანქციებით. ჩვენ, საგარეო პოლიტიკის დაახლოებაში პროგრესი არ გვაქვს, ვინაიდან ეს პროგრესი იქნებოდა ჩვენი ეკონომიკის დაზიანება, წერტილი! ასევე, სხვა მიმართულებით - „გამჭვირვალობის კანონზე“ ვერ ვთანხმდებით და ამაზე ღიად ვამბობთ და დღემდე ველით არგუმენტებს, რატომ არის წინააღმდეგი ევროკავშირი,რომ მისი დაფინანსება იყოს სრულად გამჭვირვალე საქართველოში, რა არის ამაში პრობლემა?“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ყველა საკუთარი ინტერესით მოქმედებს.
„ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ინტერესით, ჩვენი ინტერესი არ არის რუსეთისთვის სანქციის დაწესება. ამის გამო, თუ მივიღებთ დაბალ შეფასებას, დაე, ასე იყოს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მთავარი კრიტერიუმები, მათ შორის კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვაა. ხსენებული მიმართულებებით ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ კრიტიკა ბოლო პერიოდში გამწვავდა, განსაკუთრებით – "აგენტების კანონის" მიღების შემდეგ. კანონს ევროკავშირის ფუძემდებლურ პრინციპებთან საწინააღმდეგოშეუთავსებლად მიიჩნევენ ბლოკში გადაწყვეტილების მიმღები პირები და "ქართულ ოცნებას" მისი გაუქმებისკენ არაერთხელ მოუწოდეს.
- რა არის ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა
საერთო საგარეო პოლიტიკის მეშვეობით, ევროკავშირი ერთხმად საუბრობს ძირითად საერთაშორისო საკითხებზე.
ევროკავშირი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში, დიპლომატიაში ირანთან და კოსოვოს ჩათვლით დასავლეთ ბალკანეთის სტაბილურობის განმტკიცებაში. მას გააჩნია ჯარები, პოლიცია და მოსამართლეები, რომლებიც ხელს უწყობენ ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენას და მთელი მსოფლიოს მასშტაბით კონფლიქტების შემდგომ ქვეყნებსა და რეგიონებში სტაბილიზაციას. სტიქიური უბედურებების შემდეგ ევროკავშირი საგანგებო დახმარებას უწევს.
ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა (CFSP) დაფუძნებულია მაასტრიხტის ხელშეკრულებაზე, რომელიც ძალაში შევიდა 1993 წელს და შემდგომში კიდევ უფრო განმტკიცებულ იქნა ისეთი ხელშეკრულებებით, როგორიცაა ამსტერდამის ხელშეკრულება (1999), ნიცის ხელშეკრულება (2003) ან ლისაბონის ხელშეკრულება (2009).
2014 წლის 14 ნოემბრიდან ფედერიკა მოგერინი საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელია. ქ-ნი მოგერინი ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა საბჭოს და ატარებს საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას. ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური (EEAS) ეხმარება უმაღლესს წარმომადგენელს.
- საერთო საგარეო პოლიტიკის მიზნები
ეს მიზენბია: ევროკავშირის ღირებულებების დაცვა, ფუნდამენტური ინტერესები, უსაფრთხოება, დამოუკიდებლობა და მთლიანობა;
დემოკრატიის კონსოლიდაცია და მხარდაჭერა, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართლის პრინციპები;
მშვიდობის შენარჩუნება, კონფლიქტების თავიდან აცილება და საერთაშორისო უსაფრთხოების გაძლიერება;
მოსახლეობისათვის, ქვეყნებისა და რეგიონებისათვის ბუნებრივ და ხელოვნურად გამოწვეულ სტიქიურ უბედურებებთან ბრძოლაში დახმარების გაწევა.


