ბახტი ნიშანოვი: ფაქტი, რომ მალკევიჩი საქართველოში იმყოფებოდა არჩევნების დროს, უამრავ სახიფათო სიგნალს იძლევა
01/11/2024 12:48:23 პოლიტიკა
აშშ-ის ჰელსინკის კომისიის მრჩეველი ბახტი ნიშანოვი თვლის, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს საქართველოში რუსი პროპაგანდისტის ალექსანდრე მალკევიჩის ყოფნა, უამრავ სახიფათო სიგნალს იძლევა".
ის ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მალკევიჩს აშშ-ის ფედერალური ხელისუფლება ეძებს აშშ-ის არჩევნებში ჩარევისთვის.
"მალკევიჩს აშშ-ის ფედერალური ხელისუფლება ეძებს აშშ-ის არჩევნებში ჩარევისთვის. შტატების ხელისუფლება ფაქტობრივად გვთავაზობს ჯილდოს $10 მილიონამდე ინფორმაციისთვის, რომელიც მის ადგილსამყოფლამდე მიგვიყვანს. ფაქტი, რომ ის საქართველოში იმყოფებოდა არჩევნების დროს, უამრავ სახიფათო სიგნალს იძლევა", - წერს ბახტი ნიშანოვი.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს საქართველოში ალექსანდრე მალკევიჩის ყოფნის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად საერთაშორისო ორგანიზაციამ "რეპორტიორები საზღვრებს მიღმა" გაავრცელა.
ორგანუზაცია ხაზს უსვამდა, რომ წარსულში მალკევიჩი დაკავშირებული იყო პუტინის ცნობილ კერძო გასამხედროებულ დაჯგუფება "ვაგნერთან", რომელიც დასავლეთში ტერორისტულადაა მიჩნეული და ამასთანავე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე პროპაგანდისტული ქსელის დამფუძნებელი გახლავთ.
"აქცენტმა" მის შესახებ ინფომაცია მოიძია და როგორც ირკვევა, რუს პროპაგანდისტს საქართველოს ოკუპაციის შესახებ კანონიც აქვს დარღვეული. მეტიც, მას პირადი შეხვედრები ჰქონდა სეპარატისტული რეჟიმების ლიდერებთან.
თავად მალკევიჩი სოცქსელში წერს, რომ ქართულ არჩევნებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გაცემული აკრედიტაციით აშუქებდა და შესაბამის ფოტომასალასაც აქვეყნებს მინაწერით:
"საქართველოში რამდენიმე დღე გავატარე, მიმდინარე მოვლენები საკუთარი თვალით ვნახე, ვიყავი მიტინგზეც, ვესაუბრე ხალხს... ვიხილეთ ახალი ტექნოლოგიები და მიუხედავად გამჭვირვალე, ღია საარჩევნო პროცედურისა, დღეს ოთხი წაგებული ოპოზიციური პარტია ირწმუნება, რომ ხელახალი არჩევნებია ჩასატარებელი".
ცესკოში "აქცენტს" დაუდასტურეს, რომ მალკევიჩს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ცესკოს აკრედიტაცია ჰქონდა მინიჭებული. თავის მხრივ, საქართველოს შს სამინისტრო ამ დრომდე არ აკეთებს განმარტებას, როგორ აღმოჩნდა კრემლის პროპაგანდისტი საქართველოში.
ცნობისთვის: 2021 წლის აპრილში მალკევიჩი აშშ-ის სასანქციო სიაში მოხვდა იმის მტკიცებულებების საფუძველზე, რომ პუტინის რეჟიმის გლობალურ სადეზინფორმაციო ოპერაციებში მონაწილეობდა.


