მეზვრიშვილი: ვიქნებით ყველგან, სადაც ჩვენი ამომრჩეველი იქნება
01/11/2024 13:27:44 პოლიტიკა
"საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერია ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ მისი კოლეგები იქნებიან "ყველგან, სადაც ჩვენი ამომრჩეველი იქნება".
"ჩვენ როგორც შეგვიძლია, ოპოზიციას ვეხმარებით, მათ შორის ვეხმარებით იმ მტკიცებულებებით, რომელიც ჩვენმა საარჩევნო გუნდმა მოიპოვა. ჩვენ ვიქნებით ყველგან, სადაც ჩვენი ამომრჩეველი იქნება, სადაც ჩვენი ამომრჩეველი ჩათვლის, რომ საჭიროა ყოფნა ხმების დაცვისთვის და იმისთვის, რომ მოპარული ხმები უკან დავაბრუნოთ. ეს არის ახლა ჩვენი პირველი ამოცანა. სიმართლე გითხრათ, არ მგონია, რომ ჩვენი ამომრჩეველი კარავში შევიდეს, მაგრამ თუ ჩვენი ამომრჩეველი გადაწყვეტს, რომ ჩვენ აქციებზე უნდა ვიყოთ, ჩვენ ბუნებრივია , შევასრულებთ ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთას. ასე იყო წინა აქციაზეც",- თქვა მეზვრიშვილმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ეხმარებიან ოპოზიციას - იქნება ეს მტკიცებულებების შეგროვება თუ საორგანიზაციო საკითხები და არ ჰგონია, "გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს, ვიღაც სცენაზე იდგება პარტიიდან თუ არა".
მან გაიხსენა, რომ პარტიის წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის, მტკიცებულებების შეგროვებასთან დაკავშირებულ შეხვედრას და ხაზი გაუსვა, რომ დაეხმარებიან პროცესს, რომელიც ამომრჩევლის ხმის დაცვას ეხება.
"აქციებშიც მივიღებთ მონაწილეობას, იმიტომ, რომ ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა არის ეს",- თქვა პოლიტიკოსმა.
სამმა ოპოზიციურმა კოალიციამ საპროტესტო აქციები დააანონსა. აქცია 4 ნოემბერს, 19:00 საათზე რუსთაველზე გაიმართება.


