დოლიძე ამბობს, რომ საერთაშორისო გამოძიება "ევროკავშირისგან არის ყველაზე ლოგიკური" და სერბეთის პრეცედენტს იხსენებს
01/11/2024 18:26:44 პოლიტიკა
"ძლიერი საქართველოს" წევრი ანა დოლიძე არჩევნების ირგვლივ საერთაშორისო გამოძიების თაობაზე ოპოზიციის მოთხოვნის კონტექსტში ამბობს, რომ "საერთაშორისო გამოძიება ევროკავშირისგან არის ყველაზე ლოგიკური".
"ჩვენ ვართ ევროკავშირის ასოცირებული ქვეყანა, გვაქვს კანდიდატის სტატუსი, ევროკავშირი აქ ჩართულია. გარდა ამისა, ევროკავშირს, ჩვენს მიმართ გარკვეულწილად პასუხისმგებლობა აქვს აღებული",- ამბობს ანა დოლიძე და მოჰყავს სერბეთის მაგალითი.
"როდესაც გაყალბდა არჩევნები, იყო დიდი პროტესტი, ხელისუფლება ამას არ ეთანხმებოდა (საინტერესოა, რომ იქაც რუსული გავლენის ქვეშაა ხელისუფლება. ევროკავშირს აქვს მიღებული რეზოლუცია, რომლითაც ასეთი სასწრაფო მისია შექმნა სერბეთისთვის. იგივე პრეცედენტის საშუალება ჩვენ გვაქვს: განცხადება განცხადებაზე მოდის ევროპარლამენტიდან - ეს ხალხი საქმის კურსშია, რა ხდება საქართველოში",- ამბობს დოლიძე.
დოლიძე ამბობს, რომ "კეთილმეზობლური ურთიერთობისთვის სასურველია თანხმობა [ხელისუფლების მხრიდან] ყოველ მსგავს შემთხვევაში, მაგრამ არა აუცილებელი და სერბეთის შემთხვევაში ასეთი თანმხმობა არ იყო".
"ჩვენს შემთხვევაში ასეულობით მოწმე მზადაა, საერთაშორისო გამოძიებას მისცეს ჩვენება". აქვე საუბრობს მტკიცებულებების დაცვის აუცილებლობაზე, რომლებიც ამჟამად ცესკოში უნდა ინახებოდეს. საუბარია გამოყენებულ ტექნოლოგიებში ჩატვირთულ ინფორმაციაზე.
დოლიძე ამბობს, რომ ამ გეგმის და მტკიცებულებების შესახებ უამბეს დღეს დიპკორპუსს, რომელსაც ესწრებოდა ევროკავშირის მისიის წარმომადგენელი, "კითხვებიც დასვა" და შეიძლება ინდივიდუალური შეხვედრაც გაიმართოს, "ეს არის საშუალება, დიპლომატიური გზით იყოს დაცული ჩვენი არჩევანი".


