ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 62-ე რაუნდი 5-6 ნოემბერს გაიმართება
04/11/2024 06:41:18 პოლიტიკა
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 62-ე რაუნდი 5-6 ნოემბერს გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრძანებაშია ნათქვამი.
დოკუმენტის თანახმად, სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან: ლაშა დარსალია - საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე; ლევან მგალობლიშვილი - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე; თამაზ ბასტაევი - ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი; შალვა ცისკარიშვილი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი; ზვიად ზვიადაძე - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო სამინისტროს წარმომადგენელი; ქეთევან სარაჯიშვილი - იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი; ნინო ბერიკაშვილი - საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; ირაკლი ანთაძე - სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; გივი ჯაფარიძე - ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე და ნატო თოფჩიშვილი - საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის კონფლიქტის დარეგულირების პოლიტიკის სამმართველოს უფროსი.
ცნობისთვის: ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად შექმნილი ფორმატია. თავიდან ის წელიწადში ოთხჯერ ტარდებოდა, თუმცა პერიოდულობა, სხვადასხვა მიზეზით, არაერთხელ დაირღვა.
საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებენ ოკუპირებული ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლები. შეხვედრებში მონაწილეობს აშშ, ხოლო პროცესის თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს წარმომადგენლები.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში მიმდინარეობს . ერთი ჯგუფი განიხილავს უსაფრთხოების საკითხებს, ხოლო მეორე - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხსა და ასევე სხვა ჰუმანიტარულ პრობლემატიკასა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს (მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილება და სხვა).


