ჰამილტონი: თუ არჩევნების შედეგები ასე დარჩება, ეს საქართველოს მზარდი იზოლაციის პოზიციაში ჩააყენებს
04/11/2024 07:26:22 პოლიტიკა
"დასავლეთის რეაქციის გამკაცრებას მტკიცებულებები და სიმამაცე დასჭირდება - ამბობს „საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის“ ევრაზიის კვლევების ხელმძღვანელი და ამერიკის შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი ბობ ჰამილტონი "ამერიკის ხმასთან".
მისი აზრით, ამ ეტაპზე ამერიკული მხარისგან ზედმეტი სიფრთხილე და არასაკმარისი სიმკაცრე შესაძლოა კონტრპროდუქტიულიც კი აღმოჩნდეს. საბოლოოდ კი ეჭვები არჩევნების სამართლიანობის შესახებ მხოლოდ რუსეთისთვისაა ხელსაყრელი. „რაც უფრო ნაკლებ სანდო და ნაკლებ დემოკრატიულ პარტნიორად აღიქმება საქართველო დასავლეთისთვის, ის მით უფრო დაშორდება იმ ინსტიტუტებს, რომელთა წევრობაც სურს. კრემლისთვის კი ეს მხოლოდ სასიხარულო ამბავი იქნება" - ამბობს ჰამილტონი.
"ჩემი გადმოსახედიდან, შეკითხვები იმის შესახებ, იყო თუ არა ეს არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი, არათუ გამოიკვეთა, არამედ, უკვე გადაწყვეტილიცაა. უდიდესი რაოდენობის მტკიცებულებები - როგორც არჩევნების მახასიათებლებისა და ტენდენციების სტატისტიკური ანომალიების თაობაზე, ასევე - დოკუმენტირებული მანიპულაციები კენჭისყრის დღეს - იქნება ეს ყუთში ბიულეტენების ჩაყრა, ე.წ. „კარუსელი“, განმეორებითი ხმის მიცემა, ამომრჩეველთა დაშინება - [ეს ყველაფერი] საკმაოდ ნათელს ხდის, რომ არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. ვფიქრობ, ჩვენ, საქართველოს დასავლელი პარტნიორები, საერთაშორისო ორგანიზაციები ნელ-ნელა ვიწყებთ ამ დასკვნამდე მისვლას.
რაც შეეხება პოლიტიკურ შედეგებს - ერთ მხარესაა პრეზიდენტი და როგორც ჩანს, ხალხის უმრავლესობა, და ოპოზიციური პარტიები. მეორე მხარეს კი - მთავრობა. როგორ წარიმართება ეს დაპირისპირება, ვფიქრობ ეს ეგზისტენციალური საკითხია, როგორც მთავრობის, ისე - სამოქალაქო საზოგადოებისთვის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ერთ-ერთი მათგანი გადარჩება. ან მთავრობა შეძლებს, რომ თავისი გაიტანოს და შეძლოს, რომ საქართველოს დამოუკიდებელი საზოგადოება გაანადგუროს და საქართველო გახდეს კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმი, ან სამოქალაქო საზოგადოება და ქართველი ხალხი, რომლის 70-80 პროცენტიც ამბობს, რომ ნატოსა და ევროკავშირის წევრობა სურს, გაიმარჯვებს რაღაც სახით, იმედია ძალადობის გარეშე. ახლა ეს პროცესი ჯერ ძალიან ახალი დაწყებულია და ვერ ვიტყვით, როგორ დამთავრდება".
ის თვლის, რომ მეტი მტკიცებულებების პირობებში მეტად მკაფიონი იქნებიან დასავლელი ლიდერები:
"ჩვენ არ გვინახავს მილოცვებიც. გარდა სომხეთის, აზერბაიჯანის, ჩინეთის, კიდევ 1-2 ქვეყნის და რა თქმა უნდა უნგრეთის, ორბანის, რომელმაც მთავრობას გამარჯვება მანამდე მიულოცა, სანამ ოფიციალური შედეგები გამოქვეყნდებოდა. ცხადია, ეს პრობლემურია. მაგრამ რაც შეეხება იმას, რა იქნება მამოძრავებელი დასავლეთის რეაქციისთვის, ვფიქრობ რაღაც ეტაპზე ორი რამ გადაიკვეთება - მტკიცებულებები და ლიდერების გამბედაობა. ვიმედოვნებ, რაც უფრო მეტი მტკიცებულება შემოვა, ხალხსაც მეტი გამბედაობა მიეცემა იმის სათქმელად, რაც ჩემი აზრით, ვიცით, რომ სიმართლეა. ესაა ის, რომ არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი".
მისი აზრით, თუ ვითარება არ შეიცვალა, "ეს შექმნის მზარდი იზოლაციის მდგომარეობას, ყოველ შემთხვევაში იმ ქვეყნებისა და ინსტიტუტებისგან, რომელთა წევრობაც საქართველოს სურს, და მთავრობაც კვლავ აცხადებს, რომ ესაა მისი მიზანი. ხალხი, მტკიცედ უჭერს მხარს ამ ინსტიტუტების წევრობას":
"თუ ეს შედეგები ასე დარჩება, ეს საქართველოს მზარდი იზოლაციის პოზიციაში ჩააყენებს ნატოსთან და ევროკავშირთან და ყველა იმ პარტნიორთან მიმართებით, ვისზეც ამბობს, რომ მათთან თანამშრომლობა სურს. ამან შესაძლოა, გააუმჯობესოს ურთიერთობა რუსეთთან, ჩინეთთან, უნგრეთთან და სულ რამდენიმე სხვა ქვეყანასთან. მაგრამ არა მათთან, საითკენაც საქართველო ამბობს, რომ სურს წავიდეს - ევრო-ატლანტიკური საზოგადოებისკენ, ევროინტეგრაციისკენ".
ის ამბობს, რომ "საქართველოში პოლიტიკური კრიზისი რუსეთისთვისაა ხელსაყრელი, რადგან ის აქცევს საქართველოს ევროკავშირისა და ნატოსთვის, თუ უფრო ზოგადად - ევროპისთვის, ნაკლებ მიმზიდველ პარტნიორად. და რაც უფრო ნაკლებ მიმზიდველი პარტნიორია საქართველო, მით უფრო მეტად ხელსაყრელია ეს რუსეთისთვის":
"რუსეთის “მოდუს ოპერანდი”, მისი მოქმედების მეთოდი მისი ყველა მეზობლის მიმართ, ვინც ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას თავის მიზნად ასახელებს, არის რომ ან დაარწმუნოს ისინი - სამხედრო შეჭრის გზით, კორუფციის ან დიპლომატიური, პოლიტიკური წნეხის გზით, რომ უარი თქვან ამ მიზანზე. ან თუ ამაზე ვერ დაითანხმებს, მაშინ რუსეთის მიზანია მათი დესტაბილიზება, ისე, რომ ისინი აღარ იყვნენ მიმზიდველი კანდიდატები დასავლური ინსტიტუტებისთვის.
ამას ვხედავთ საქართველოში ბოლო 20 წლის განმავლობაში, პრაქტიკულად "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, რაღაც ფორმით რუსეთი [სულ] ცდილობდა საქართველოსთვის დასავლური ინტეგრაციის გზიდან გადაეხვევინა.
ახლა ის ფიქრობს, რომ არის მთავრობა, რომელმაც ახლა, დე ფაქტო, უარი თქვა დასავლური ინტეგრაციის მიზანზე, რომ ახლანდელი მთავრობა თბილისში არ ესწრაფვის ამ მიზნის განხორციელებას. ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას სჯერა, რომ ქვეყნის ადგილი ევროკავშირსა და ნატოშია, ასე რომ მთავრობას არ შეუძლია თქვას, რომ ეს არაა მისი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი, მაგრამ დე ფაქტო, მისი ქმედებები ნათელს ხდის, რომ ეს ასეა. ამით კრემლის წარმომადგენლები ბედნიერნი არიან".
რაც შეეხება არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევას, ის თვლის, რომ მსგავსი საჭიროება არ ჰქონდა:
"ძნელი სათქმელია, სცადა თუ არა რუსეთმა პირდაპირ არჩევნებში ჩარევა და ამომრჩეველთა რაოდენობის ჯამის რაღაცნაირად შეცვლა, ეს რთული იქნებოდა, მაგრამ არ მგონია, რომ მათ ეს დასჭირვებოდათ. იცოდნენ, რომ “ქართული ოცნება” არჩევნების მანიპულირებას მოახდენდა ისე, რომ საკუთარი თავი ისევ აერჩიათ. ასე რომ, ამ არჩევნებში “ქართული ოცნება” გარკვეულწილად კრემლის აგენტივით მუშაობდა. კრემლს სურდა, რომ ის ძალაუფლებაში დარჩენილიყო. თუმცა აუცილებელი არაა, რომ კრემლს პირდაპირი უშუალო ჩარევა მოეხდინა".
ის ხაზს უსვამს, რომ თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით ამერიკასთან, ნატოს და ევროკავშირის წევრ სხვა პარტნიორებთან, პრაქტიკულად გაჩერებულია:
"ამერიკის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის უდიდესი ნაწილი გაყინულია. სამხედრო წვრთნები, რომელიც ქვეყანაში ყოველწლიურად ტარდებოდა, ასევე გაჩერებულია. ეს ყველაფერიც კრემლისთვის ძალიან მოსაწონია. მას სურს, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოს რაც შეიძლება ნაკლები ურთიერთობა ჰქონდეს ნატოსთან. მართალია, ტექნიკურად საქართველო კვლავ კანდიდატი ქვეყანაა და 2008 წლის ბუქარესტის სამიტის თანახმად, საქართველო და უკრაინა უნდა გახდნენ ალიანსის წევრები, მაგრამ შეიძლება ვთქვათ, რომ 2018-2019 წლების შემდეგ ის ალიანსსა და მის წევრობას უფრო და უფრო შორდებოდა. ახლა კი ეს საუკეთესო შემთხვევაში, შორეულ ოცნებად გამოიყურება".


