ოპოზიციის ლიდერები 17:00 სთ–ზე სადგურის მოედნიდან პარლამენტისკენ მსვლელობით გაემართებიან
04/11/2024 09:18:59 პოლიტიკა
ოპოზიციის ლიდერები დღეს 17:00 საათზე სადგურის მოედანთან შეიკრიბებიან და მსვლელობით პარლამენტის მიმართულებით გაემართებიან.
"დღეს 19.00 რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან გაიმართება საპროტესტო აქცია. აქციამდე, 17:00 საათზე ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები და პროტესტის მონაწილეები შეიკრიბებიან ვაგზლის მოედანზე, თბილისი ცენტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე. საიდანაც მოეწყობა მსვლელობა - საპროტესტო მარში. მსვლელობას გაუძღვებიან პოლიტიკური პარტიების ლიდერები", - ნათქვამია ოპოზიციური პარტიების ინფორმაციაში.
ცნობისთვის: 3 ოპოზიციური ცენტრი დღეს 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე აქციას გამართავს.
განცხადება „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის”, „კოალიცია ცვლილებებისთვის” და „ძლიერი საქართველოს” ლიდერებმა ერთობლივად 31 ოქტომბერს გააკეთეს. მათი ცნობით, სწორედ აქციაზე გახდება ცნობილი ოპოზიციის სამოქმედო გეგმაც.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:
„ქართული ოცნება“ - 53,931%;
"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
"ძლიერი საქართველო" - 8,81%;
"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.


