ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე: მოლდოვაში არჩევნები თავისუფალი იყო, საქართველოში - გაყალბებული და უსამართლო
04/11/2024 09:43:43 პოლიტიკა
ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი მოლდოვაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ საქართველოსგან განსხვავებით, მოლდოვაში არჩევნები თავისუფალი იყო.
„რა განსხვავებაა მოლდოვას მოლდოვასა და საქართველოს არჩევნებს შორის? მოლდოვაში არჩევნები თავისუფალი იყო, საქართველოში კი გაყალბებული და უსამართლო“, - წერს მიხელსონი.
ცნობისთვის: 3 ნოემბერს მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა, რომელშიც, წინასწარი შედეგების თანახმად, მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ გაიმარჯვა.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:
„ქართული ოცნება“ - 53,931%;
"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
"ძლიერი საქართველო" - 8,81%;
"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.


