თოლორაია: პროკურატურამ გამოკითხვაზე დამიბარა, მისვლას არ ვაპირებ
04/11/2024 10:26:11 პოლიტიკა
სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ სპიკერი ლონდა თოლორაია აცხადებს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და სთხოვეს გამოკითხვაზე მისვლა. საქმე ეხება ცენრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაწყებულ გამოძიებას.
მისი თქმით, პროკურატურაში, რომელიც სრულად უმოქმედო იყო და არ შეასრულა მისი არც პრევენციული, არც საგამოძიებო და არც საზედამხედველო როლი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში, მისვლას არ აპირებს.
თოლორაიას თქმით, "თუ პროკურატურისთვის რეალურად მნიშვნელოვანია მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, სასამართლოში გამოცხადდება".
„წინასაარჩევნო პერიოდიდან დაწყებული დღემდე, პროკურატურას და საგამოძიებო ორგანოებს რეაგირებას ვთხოვდით:
პირადობის მოწმობების ჩამორთმევის გზით ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტებზე;
პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებისა და გამოყენების ფაქტებზე;
ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის, ამომრჩეველთა ზეწოლის, არჩევნების გაყალბების ფაქტებზე;
ცესკოს წარმომადგენელთა მხრიდან ჩადენილ სამოხელეო დანაშაულებზე.
ყველა მოწოდებაზე იყო და არის სრული მდუმარება: არც გამოძიების დაწყების/არდაწყების შესახებ გაგვაგებინა ვინმემ და არც ჩვენი ჩვენებებით დაინტერესებულა არც ერთი საგამოძიებო უწყება, არ გავრცელებულა არც ერთი საჯარო განცხადება, პრევენციულიც კი სანამ ცესკომ არ მიმართა პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით.
პროკურატურას და საგამოძიებო უწყებებს რომ ემოქმედათ წინასაარჩევნო პერიოდში ახლა ამ რეალობის წინაშე არ ვიდგებოდით.
დღეს დამირეკეს პროკურატურიდან და მთხოვეს გამოკითხვაზე მისვლა ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაწყებულ გამოძიებაზე. პროკურატურაში, რომელიც სრულად უმოქმედო იყო და არ შეასრულა მისი არც პრევენციული, არც საგამოძიებო და არც საზედამხედველო როლი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში, მისვლას არ ვაპირებ. თუ რეალურად მნიშვნელოვანია ამ უწყებისთვის ჩემს მიერ მიწოდებული ინფორმაცია (თუმცა ყველაფერი უკვე საჯაროა – ტელევიზორში და სოციალურ ქსელში), მივალ სასამართლოში, სადაც მინიმუმ ერთით მეტი ადამიანი მოისმენს როგორი უმოქმედო იყო პროკურატურა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში“, – წერს ლონდა თოლორაია.
30 ოქტომბერს ცნობილი გახდა რომ საქართველოს პროკურატურამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 30 ოქტომბრის მომართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით (არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების: საარჩევნო სიების, ოქმების, ბიულეტენების, სარეგისტრაციო ჟურნალების და საკონტროლო ფურცლების განზრახ გაყალბება. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
ამასთან, საქართველოს პროკურატურამ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოკითხვაზე დაიბარა:
"ცესკო-ს განცხადებისა და საჯარო სივრცეში მასმედიის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უნდა ფლობდეს მტკიცებულებებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით, რის გამოც, კანონით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტი, მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, გამოკითხვის მიზნით დაბარებულია საგამოძიებო უწყებაში. საქართველოს პროკურატურა ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, როგორც ცესკო-ს მომართვაში მითითებული, ამავდროულად, საქართველოს პრეზიდენტის, ცალკეული პოლიტიკური პარტიებისა და სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლების მიერ გაჟღერებული ფაქტების შესწავლის მიზნით. მათ შორის, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება ყველა ის პირი, რომელიც შესაძლებელია, ფლობდეს ინფორმაციას სავარაუდო, დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით. აქვე, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს გამოვლენილი ცალკეული სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით, სამართალდამცავი უწყებები აქტიურად აწარმოებენ გამოძიებას არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე. გამოძიების შედეგების შესახებ პროკურატურა პერიოდულად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას",- აცხადებენ პროკურატურაში.
პრეზიდენტი გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს.
ცნობისთვის: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:
„ქართული ოცნება“ - 53,931%;
"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
"ძლიერი საქართველო" - 8,81%;
"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.


