ვოლსკი – საქართველოს რუკაზე: „ტექნიკური გაუმართაობა შეიძლება, მკაცრ შენიშვნას იმსახურებს, მაგრამ ეს იმ პოლიტიკას არ ასახავს, რაც ხელისუფლებას აქვს“
04/11/2024 11:55:49 პოლიტიკა
„ტექნიკური გაუმართაობა შეიძლება, მკაცრ შენიშვნას იმსახურებს, მაგრამ ეს იმ პოლიტიკას არ ასახავს, რაც ხელისუფლებას აქვს“, – ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ბრიფინგის დროს “სლაიდზე“ ნაჩვენებ საქართველოს რუკას, რომელზეც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები ვიზუალურად რთულად აღიქმებოდა.
მისი თქმით, რუკის ვიზუალი თავადაც დაიწუნა.
"რასაკვირველია, მე რუკის ვიზუალი დავიწუნე. პირადად ჩემთვის და ბევრი ჩემი მეგობრისთვის მისაღები არ არის, როდესაც პროპაგანდისტული გამოსვლა გაქვს, რეალურ ფაქტებს ეყრდნობი და ამ დროს რუკაზე ნათლად არ ჩანს, რომ საქართველოს ტერიტორია მთლიანად არის მოხაზული. შეიძლება დიზაინერების მიმართ პრეტენზია გამოთქვა და გამოსათქმელია კიდეც, მაგრამ მთავარია, რომ ადამიანები, ვინც ამ თემაზე ყველაზე ხმამაღლა, ხისტ განცხადებებს აკეთებენ, დამნაშავე არიან ტერიტორიების ოკუპაციაში და იმაში, რომ ამ ყველაფერს ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, დღეს სწორედ ეს ადამიანები გამოდიან და ამბობენ, როგორ თუ რუკაზე უფრო ნათლად არ ჩანდაო. მათაც კარგად იციან, რომ ნაცრისფერი ეკრანზე ცუდად აღიქმება და შეიძლება, არ გამოჩნდეს, რაც გულდასაწყვეტია, შეცდომაა, მაგრამ რომელი ჭკუათმყოფელი პოლიტიკოსი გააკეთებს ამას განზრახ?! მით უმეტეს ისეთი ადამიანების სალაპარაკოდ, რომელთაც ამ ტერიტორიების ოკუპირება თავად მოახდინეს და რუსეთს საშუალება მისცეს, რომ სამხრეთ კავკასიაში უპირატესობა ჰქონოდათ. მოღალატეობრივი ნაბიჯები გადადგეს, დამნაშავეები არიან, რომ დღეს ასეთი მდგომარეობა გვაქვს, ხოლო ნაცრისფერი კარგად აღიქმება თუ არა კამერის მიერ, ეს მეორე ნაწილია“, - განაცხადა, "ინტერპრესნიუსის" ცნობით, გია ვოლსკიმ.


