კალაძე – ოპოზიციის აქციაზე: "მილიონ 120 ათასმა მხარი დაუჭრია ქვეყნის ღირსეულ მომავალს, რა ხაზარაძემ უნდა შეცვალოს ეს მოცემულობა?!"
04/11/2024 12:04:31 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" გენმდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქში დღეს დაანონსებულ საპროტესტო აქციას ეხმიანება და ოპოზიციას "განადგურებულებს" და "გაფარჩაკებულებს" უწოდებს.
„არაერთი კვლევა ვიხილეთ კამპანიის ფარგლებში. 2012 წლიდან მოყოლებული მიმდინარეობს სიცრუის კამპანია გამოკითხვებთან დაკავშირებით. რეალობას არიან აცდენილები. ხალხთან ვერ მიდიოდნენ, რა კამპანიაზეა საუბარი, ეგზიტპოლები გააყალბეს. ყველას და ყველაფერს დააბრალეს საკუთარი თავის გარდა. Gen Z-ს ლანძღავდნენ, თურმე Gen Z-მ წააგებინა არჩევნები, რომ არ მივიდნენ. საკუთარ თავს არ ეკითხებიან, რა დააკლეს. უნდათ ამომრჩევლები არ დაკარგონ და სისულელეებს მიედ-მოედებიან. სამოქმედო გეგმა უნდა გამოექვეყნებინათ, სოცმედიაში ისევ თავისიანებმა გადაუარეს და მოიფიქრეს კარვები. წარმოუდგენელია. გამოდიან სერიოზული სახეებით და სისულელეს დააბრეხვებენ, ამომრჩეველი რომ რაღაცაში დაარწმუნონ. უნდათ საპროტესტო მუხტი შექმნან, განადგურებულები, გაფარჩაკებულები არიან, რა საპროტესტო მუხტი უნდა შექმნას გვარამიამ ან ხაზარაძემ?! შეხედეთ, რა საპროტესტო მუხტი უნდა შექმნან?! მილიონ 120 ათასმა მხარი დაუჭრია ქვეყნის ღირსეულ მომავალს, მშვიდობას, ქვეყნის ევროპულ მომავალს, რა ხაზარაძემ უნდა შეცვალოს ეს მოცემულობა“,- აღნიშნა კალაძემ.
მისივე თქმით, "ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოხატოს თავისი დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, თუმცა, მთავარია, ეს ყველაფერი იყოს კანონის ჩარჩოებში. როგორც კი ვინმე გასცდება კანონს, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან ამას მოჰყვება რეაგირება".
ოპოზიციის ლიდერები დღეს 17:00 საათზე სადგურის მოედანთან შეიკრიბებიან და მსვლელობით პარლამენტის მიმართულებით გაემართებიან.
"დღეს 19.00 რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან გაიმართება საპროტესტო აქცია. აქციამდე, 17:00 საათზე ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები და პროტესტის მონაწილეები შეიკრიბებიან ვაგზლის მოედანზე, თბილისი ცენტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე. საიდანაც მოეწყობა მსვლელობა - საპროტესტო მარში. მსვლელობას გაუძღვებიან პოლიტიკური პარტიების ლიდერები", - ნათქვამია ოპოზიციური პარტიების ინფორმაციაში.
ცნობისთვის: ოპოზიციის ლიდერები დღეს 17:00 საათზე სადგურის მოედანთან შეიკრიბებიან და მსვლელობით პარლამენტის მიმართულებით გაემართებიან, სადაც 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე აქციას გამართავენ.
შესაბამისი განცხადება „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის”, „კოალიცია ცვლილებებისთვის” და „ძლიერი საქართველოს” ლიდერებმა ერთობლივად 31 ოქტომბერს გააკეთეს. მათი ცნობით, სწორედ აქციაზე გახდება ცნობილი ოპოზიციის სამოქმედო გეგმაც.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:
„ქართული ოცნება“ - 53,931%;
"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
"ძლიერი საქართველო" - 8,81%;
"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.


