ყოფილი ელჩი: რუსეთისთვის მთავარია, მისდამი კეთილგანწყობილი მთავრობა იყოს საქართველოში
04/11/2024 12:18:32 პოლიტიკა
საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი გოჩა ჯავახიშვილი, რომელმაც ელჩის თანამდებობა 2024 წლის მაისში დატოვა მმართველი გუნდის ანტიდასავლური რიტორიკის გაძლიერების ფონზე, ამბობს, რომ ქვეყანაში პროცესები ევროინტეგრაციის საწინააღმდეგოდ ვითარდება.
"დღესაც რომ ელჩი ვყოფილიყავი, გულსაც და ჯანმრთელობასაც რომ გაეძლო, ვფიქრობ, რა იქნებოდა ჩემი საქმე? ელჩის საქმეა, რომ შიდა პოლიტიკის გადაწყვეტილებები, რეფორმები თუ პოზიციები მიიტანოს ადგილსამყოფელ ქვეყანაში - ჩვენს პარტნიორებთან. ვფიქრობ, როგორ გამიჭირდებოდა, დამერწმუნებინა ჩვენი ფრანგი პარტნიორები ჩვენს გულწრფელობაში, რომ ჩვენ კვლავაც მიზანდასახულად მივდივართ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, მაშინ როცა ძალიან ბევრი რამ საპირისპიროზე მეტყველებს.
მე ვფიქრობ, რომ სწორედ ევროპაა ჩვენი მშვიდობის გარანტია. თუ ვინმე გაიხსენებს, რომ დასავლურ სამყაროს ჩვენი ან სუვერენიტეტის ან ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პრეტენზია გამოუთქვამს... მაშინ როდესაც სახეზეა ანექსიის მცდელობა და ოკუპირებული ტერიტორიები. რუსეთისთვის მთავარია, მისდამი კეთილგანწყობილი მთავრობა იყოს საქართველოში და ეს უკვე საკმარისია იმისთვის, რომ საქართველო მოაცილოს ევროპულ ორბიტას და ამისთვის აკეთებს ყველაფერს - დეზინფორმაციის მთელი კამოანიაა." - განაცხადა გოჩა ჯავახიშვილმა "მთავარ არხთან".


