სააკაშვილი: დღევანდელ აქციაზე ხალხის რაოდენობაზე უფრო მნიშვნელოვანი აქციების განგრძობადობა, წინააღმდეგობის ხარისხი და ორგანიზატორების პრინციპულობაა
04/11/2024 12:18:39 პოლიტიკა
საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ "დღევანდელ აქციაზე ხალხის რაოდენობაზე უფრო მნიშვნელოვანი აქციების განგრძობადობა, წინააღმდეგობის ხარისხი და ორგანიზატორების პრინციპულობაა".
„დღევანდელ აქციაზე ხალხის რაოდენობა მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი. უფრო მნიშვნელოვანია აქციების განგრძობადობა, წინააღმდეგობის ხარისხი და ორგანიზატორების პრინციპულობა.
26 ოქტომბრის არჩევნებზე ქვეყნის შიგნით და გარეთაც ჩართულმა საზოგადოებამ სრულად ჩააბარა გამოცდა, აჩვენა თვითორგანიზების სასწაულები. ახლა, ხალხი ძალიან გაბრაზებულია, გადაიზრდება თუ არა ეს გაბრაზება მძლავრ საპროტესტო მოძრაობაში, დამოკიდებულია პოლიტიკური სპექტრის და სამოქალაქო სექტორის ლიდერობაზე და თანმიმდევრულობაზე. ყველა, მსოფლიოში, ვინც თვალს ადევნებს საქართველოს, ერთის მხრივ, გაოგნებულია არჩევნების მოპარვის თავხედურობით, მეორეს მხრივ, ელოდება იმას აღმოაჩნდება, თუ არა ქართველ ხალხს წინააღმდეგობის უნარი. ჩვენდამი მხარდაჭერა სწორედ ამაზეა დამოკიდებული. მთლიანობაში ეს სწორედ ის შემთხვევაა როცა ჩვენი მომავალი მთლიანად ჩვენს ხელთაა.
ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ არა მხოლოდ არჩევნები მოიპარეს, არამედ საქართველოში დამყარდა დიქტატურა, რომელიც ახლა გაყურსული ელოდება იმას, რომ ქართველებმა შეირგონ "ახალი რეალობა" და შემდეგ აპირებს საბოლოოდ მოამთავროს დარჩენილი თავისუფლებები და განახორციელოს მასობრივი რეპრესიები. ასევე მზადდება საქართველოს დიდი ეთნიკური წმენდა. კიდევ მილიონამდე ადამიანის იძულება დატოვონ ქვეყანა. ჩვენ ძალიან ბევრი დრო არ გვაქვს. რა თქმა უნდა გვჭირდება მოთმინებაც, მაგრამ მოთმინებაზე მეტად გვჭირდება აგრესიული წინააღმდეგობა უკვე დე-ფაქტო დამყარებული დიქტატურისადმი. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ მანამ, სანამ შევძლებთ და შემდეგ იმდენი რამდენიც საჭირო გახდება!“- წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: ოპოზიციის ლიდერები დღეს 17:00 საათზე სადგურის მოედანთან შეიკრიბებიან და მსვლელობით პარლამენტის მიმართულებით გაემართებიან, სადაც 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე აქციას გამართავენ.
შესაბამისი განცხადება „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის”, „კოალიცია ცვლილებებისთვის” და „ძლიერი საქართველოს” ლიდერებმა ერთობლივად 31 ოქტომბერს გააკეთეს. მათი ცნობით, სწორედ აქციაზე გახდება ცნობილი ოპოზიციის სამოქმედო გეგმაც.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:
„ქართული ოცნება“ - 53,931%;
"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
"ძლიერი საქართველო" - 8,81%;
"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.


