დოლიძე: ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მოსამართლეებს საქმეები წაართვა, რაც კონსტიტუციის დარღვევაა
05/11/2024 11:38:06 პოლიტიკა
კოალიცია "ძლიერი საქართველოს“ წევრი ანა დოლიძემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს. საუბარია საარჩევნო დავების გაერთიანებაზე.
„სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებულია პროცესები, რომელიც დაკავშირებულია საარჩევნო უბნებზე მომხდარ ფაქტებთან. რამდენიმე მოსამართლემ უკვე გამოიტანა განსხვავებული გადაწყვეტილება, მაგალითად, თეთრიწყაროს და გორის სასამართლოებმა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საქმეები გაერთიანა, ანუ მოსამართლეებს წაართვა და ერთად მოუყარა თავი, რაც არის კონსტიტუციის დარღვევა. მოსამართლის შეუცვლელობა გარანტირებულია - არ შეიძლება მოსამართლეს საქმე ჩამოართვა. ეს არის კონსტიტუციის 63-ე მუხლი. კანონის თანახმად, გამონაკლის შემთხვევაში მოსამართლეს შეიძლება საქმე ჩამოერთვას - მან ამისთვის წერილობით უნდა მიმართოს იუსტიციის საბჭოს. ისიც იმ შემთხვევაში თუ მოსამართლე ბრალდებულია სისხლის სამართლის საქმეზე ან საქმე აღძრულია და ამ ყველაფერს სჭირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის გადაწყვეტილება, რაც არ მომხდარა. ეს გადაწყვეტილება არის უკანონო, რაც მოხდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. შეუცვლელობის პრინციპი დარღვეულია. ახლა კი თბილისის სააპელაციო გაჩერდა - დაბნეულია",- თქვა დოლიძემ.
მან ხაზი გაუსვა, რომ სააპელაციო სასამართლოსთან დღევანდელი პროტესტიო იქნება წნეხი, სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს:
"ჩვენ მივდივართ პროტესტზე, 15:00 საათზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში, წნეხი იქნება სასამართლოზე, იმისთვის რომ ნორმალური გადაწყვეტილება მიიღოს და დაიცვან ჩვენი კონსტიტუციური საარჩევნო უფლება“, - აცხადებს ანა დოლიძე.


