თავაძე: მოსამართლე ხუჭუას გადაწყვეტილება სტრასბურგშიც იტყვის თავის სათქმელს
05/11/2024 17:29:49 პოლიტიკა
ყოფილი მოსამართლე, პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ზაზა თავაძე დარწმუნებულია, რომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის ვლადიმერ ხუჭუას პრეცედენტული გადაწყვეტილება „თავის სიტყვას იტყვის“ სტრასბურგის სასამართლოშიც. საუბარია ხმის ფარულობის დარღვევის დადასტურებაზე.
ის განმარტავს პროცედურას, რომ დავა სრულდება სააპელაციო სასამართლოში და რომ უზენაესი სასამართლო არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს არ განიხილავს. ამდენად შემდეგი ეტაპი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოა.
„აპელაციის შემდეგ ირთვება სტრასბურგის მექანიზმი - შიდა რესურსების ამოწურვის შემდეგ, ექვსი თვის ვადაში შეუძლიათ მოსარჩელეებს, მიმართონ სტრასბურგს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, თუ ისინი [მოსამართლეთა კოლეგია] ძალაში არ დატოვებენ თეთრიწყაროს მოსამართლის გადაწყვეტილებას, სტრასბურგში მოხდება გასაჩივრება და სტრასბურგი, ყველა ვარიანტში - როგორც სტრასბურგის პრეცედენტები აჩვენებს და არაერთია ასეთი - აუცილებლად გაითვალისწინებს მოსამართლე ხუჭუას დასაბუთებას, როგორ ხდებოდა ფარულობის დარღვევა. ანუ, ხვალ აპელაცია გააუქმებს თუ არა მოსამართლე ხუჭუას გადაწყვეტილებას, სტრასბურგი ყველა ვარიანტში დაეყრდნობა, გაიზიარებს, სხვა პრეცედენტებსაც მოიშველიებს და ჩემი ვარაუდოთ, ეს გადაწყვეტილება ქვეყნის გარეთაც - სტრასბურგშიც იტყვის თავის სათქმელს“,- თქვა თავაძემ.
გუშინ, 10 ნოემბერს თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლემ ვლადიმერ ხუჭუამ დააკმაყოფილა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი“ და ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა. გადაწყვეტილებაში მოსამართლე განმარტავს, რომ არსებულ უბნებზე გამართული არჩევნები შეიცავდა ყველა იმ რეალურ საფრთხეს, რომელიც შესაძლოა დაემუქროს კენჭისყრის ფარულობას და ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას.
სარჩელით საია მოითხოვდა წალკისა და თეთრიწყაროს ყველა ელექტრონული უბნის შედეგების ბათილად ცნობას. ამ გადაწყვეტილებით, მოსამართლემ გააუქმა №25 წალკის საარჩევნო ოლქში შემავალი 18 საარჩევნო უბნისა და №26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში შემავალი 13 საარჩევნო უბნის შედეგი.
დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.


