მეზვრიშვილი გამოკითხვაზე მივიდა: კონკრეტული მტკიცებულებები მოვიტანე
06/11/2024 09:30:51 პოლიტიკა
კონკრეტული მტკიცებულებები მოვიტანე,- უთხრა ჟურნალისტებს "საქართველოსთვის" წარმომადგენელმა ნათაი მეზვრიშვილმა სასამართლოში, სადაც არჩევნების შესაძლო გაყალბების გამოძიების ფარგლებში მაგისტრატ მოსამართლესთან გამოიკითხება.
ის გამოძიებას უნდობლობას უცხადებს, თუმცა აქვე ამბობს, "მოვედი მაგისტრატ მოსამართლესთან იმისთვის, რომ ჩვენი პარტიის სახელით დავიცვათ ის ხმები, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს მოპარეს".
"ამ მტკიცებულებების შესახებ ხელისუფლებისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი. ალბათ, ამ სხდომამდე და სხდომის შემდეგაც ეს ადამიანები დაიწყებენ მასშტაბურ პროპაგანდას, თითქოს როგორ არ არსებობს მტკიცებულებები, მაგრამ მოვიტანე ზუსტად ის მტკიცებულებები, რასაც საზოგადოებას ძალიან ბევრი თვის განმავლობაში ვუზიარებ, ამ ყველაფერს ვასაჯაროებ, ეს ყველაფერი მიტანილი გვაქვს დამკვირვებლებთან და ამას ვაპირებთ აქაც. ჩვენება იწერება და როდესაც დადგება ნამდვილი გამოძიების ჩატარების დრო, ეს ჩვენება, რომელსაც მივცემ, დარჩება და ნამდვილ გამოძიებას გადაეცემა. მერე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერც ცესკო-ს თავმჯდომარე, ვერც პროკურატურა, რომელიც მტკიცებულებების ფალსიფიკაციაში ხელს უწყობს და ეხმარება ცესკოს, ასევე, ვერც ერთი ის უწყება და თანამდებობის პირი, ვინც არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობდნენ",- დარწმუნებულია მეზვრიშვილი და დასძენს,"ანომალიაა ის, რაც ახლა ხდება. ის მუხლი, რა მუხლითაც მე ახლა აქ ვარ გამოცხადებული, მე ვიყავი ერთ-ერთი ის, რომელიც ამ მუხლის დაწერაში მონაწილეობდა და ჩვენ ეს მუხლი ამისთვის არ დაგვიწერია. სასამართლოში დაკითხვის მუხლი არ დაგვიწერია ამ ცირკისთვის, რასაც ახლა სამწუხაროდ, ის უწყება, სადაც 11 წელი ვმუშაობდი, აქ აწყობს და ვითომ გამოძიებას ატარებენ".


