საპროტესტო აქციები 8 ნოემბრიდან განახლდება
06/11/2024 13:54:59 პოლიტიკა
საპროტესტო აქციები 8 ნოემბრიდან განახლდება, – ამის შესახებ ოპოზიციის წარმომადგენლებმა სააპელაციო სასამართლოსთან განაცხადეს.
მათი თქმით, ხვალ წალენჯიხის მერის გია ხარჩილავას უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად სამეგრელოში მიდიან, სწორედ ამ მიზეზით არ იქნება ხვალ დედაქალაქში შეკრება.
სააპელაციო სასამართლოსთან დღევანდელი აქცია დასრულებულია. ოპოზიციის წარმომადგენლები ამ წუთებში ორბელიანის სასახლეში პრეზიდენტს ხვდებიან.
ცნობისთვის: სააპელაციო სასამართლოსთან აქცია გუშინაც გაიმართა. ოპოზიციამ 5 ნოემბერს მეორე ინსტანციის სასამართლოსთან მოქალაქეების შეკრება, მას შემდეგ დააანონსა, რაც თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ვლადიმერ ხუჭუამ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა, რითაც "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" (საია) სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, წალკისა და თეთრიწყაროს ოლქებში შემავალი რამდენიმე ელექტრონული უბნის შედეგები გაბათილდა. საარჩევნო ადმინისტრაციამ კი გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
საიას განცხადებით, აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე საოლქო საარჩევნო კომისიების წინააღმდეგ შეტანილი საიას სააპელაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლომ ერთ საქმედ გააერთიანა.
4 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე გამართულ დემონსტრაციაზე ოპოზიციის ლიდერებმა მოქალაქეებს გააცნეს სამოქმედო გეგმა და მთავარი პრინციპები, რაზეც ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ. ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, ოპოზიცია ყოველდღიურად აპირებს აქციების ორგანიზებას.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:
„ქართული ოცნება“ - 53,931%;
"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
"ძლიერი საქართველო" - 8,81%;
"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.


