ზელენსკი: ვიცი, რომ თქვენ დიდი პაუზა გაქვთ ევროკავშირის გზაზე, თუმცა დარწმუნებული ვარ რომ თქვენ იქ მოხვდებით
08/11/2024 07:58:08 პოლიტიკა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან კომუნიკაცია არ ჰქონია. მანამდე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ისინი მხოლოდ მიესალმნენ ერთმანეთს და კომუნიკაცია არ ყოფილა. ევროპის პოლიტიკურ სამიტზე საერთო ფოტოს გადაღების დროს ზელენსკი და კობახიძე გვერდიგვერდ იდგნენ.
როგორც ზელენსმიმ "მთავარ არხთან" თქვა, ამჟამად საქართველოს ხელისუფლებასთან მათ კავშირი არ აქვთ.
"საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობას სჭირდება უფრო მეტი, ვიდრე 5 წუთი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვექნება ძალიან ძლიერი ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის. გვქონდა და გვექნება. ჩვენი ხალხი ძალიან მადლიერია ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის ამ სრულმასშტაბიანი ომის დროს და ჩვენც ყოველთვის მხარს ვუჭერდით თქვენს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვიყავით რუსეთის საქართველოში შეჭრის წინააღმდეგი. დღეს ჩვენ არ გვაქვს კავშირები საქართველოს მთავრობასთან. მე ვფიქრობ, ეს ძალიან დასანანია."- განაცხადა ზელენსკიმ.
მას ჰკითხეს 26 ოქტომბრის არჩევნებზეც:
"ეს ძალიან დიდი პრობლემაა. ვფიქრობ, რომ ქართველმა ხალხმა თვითონ უნდა აირჩიოს ხელისუფლება, რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ამაზე გავლენა".
ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოთქვა რწმენა, რომ პაუზის მიუხედავად საქართველო მოახერხებს ევროკავშირის გზაზე წინსვლას:
"ქართველები ძალიან კარგი ხალხია, ჩვენ ძალიან გვიყვარხართ, ვიცი, რომ თქვენ დიდი პაუზა გაქვთ ევროკავშირის გზაზე, თუმცა დარწმუნებული ვარ რომ თქვენ იქ მოხვდებით. მე ნამყოფი ვარ საქართველოში, ძალიან თბილი ხალხია, ძალიან ლამაზი ქვეყანაა, საუკეთესოს გისურვებთ, თქვენ გაიმარჯვებთ.".


