Accentnews.ge
მტკიცებულებები, საერთაშორისო გამოძიება - რაზე ისაუბრეს ოპოზიციონერმა ლიდერებმა ევროკავშირის ელჩთან

მტკიცებულებები, საერთაშორისო გამოძიება - რაზე ისაუბრეს ოპოზიციონერმა ლიდერებმა ევროკავშირის ელჩთან

08/11/2024 09:20:51 პოლიტიკა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ელჩ პაველ ჰერჩინსკისთან ოპოზიციური კოალიციების წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა, რომელიც დაახლოების ორ საათს გაგრძელდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა ბადრი ჯაფარიძემ თქვა, საუბარი იყო „საინტერესო, ინფორმატიული და სასარგებლო“.

„იყო ძალიან სასარგებლო, ძალიან ინფორმატიული საუბარი ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ქვეყანაში, როგორ ვაფასებთ 26 ოქტომბრის არჩევნებს, რა მტკიცებულებებია დღეისთვის მოპოვებული, რომლებიც პირდაპირ ადასტურებს, რომ საარჩევნო პროცესი მიტაცებულ იქნა „ქართული ოცნების“ მიერ. ვისაუბრეთ თუ რა შეიძლება გააკეთოს ევროკავშირმა ქართველი ხალხისთვის მოცემულ მომენტში - ამიტომ, ძალიან საინტერესო და სასარგებლო საუბარი გვქონდა.

ქართველი ხალხი ევროპული მომავლის მხარდამჭერია და არ შეეგუება არჩევნების წართმევას - ეს იყო მთავარი გზავნილი, რომელიც გადავეცით ელჩს და საინტერესო აზრთა გაცვლა-გამოცვლა გვქონდა“,- თქვა ჯაფარიძემ.

„ერთიანობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ თქვა, რომ განხილვის ერთ-ერთი საგანი იყო საერთაშორისო გამოძიების საკითხი:

"ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ საქართველოს პროკურატურის პირობებში შეუძლებელია დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება, რადგან საქართველოს ყველა ინსტიტუტი, გარდა საპრეზიდენტო ინსტიტუტისა, არის მიტაცებული და იმყოფება ტოტალური კონტროლის ქვეშ. ამიტომ, გამოძიება შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო აქტორების ჩართულებით და ამ შემთხვევაში ყველაზე მიზანშეწონილია სწორედ ევროკავშირის ჩართულობა, რადგან საქართველო არის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა. იმისთვის, რომ ევროკავშირმა მიიღოს გადაწყვეტილება მოლაპარკებების გახსნა-არ გახსნათსთან, უვიზო მიმოსვლის შეჩერება-არშეჩერებასთან, პერსონალურ სანქციებთან დაკავშირებით, აუცილებელია, ევროკავშირს ჰქონდეს 100%-იანი სანდოობის ინფორმაცია, რომ დიახ, ეს არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. ისინი უკვე ხედავენ, მათ შორის, ჩვენს მიერ მიწოდებული მტკიცებულებებით, რომ ძალიან სერიოზულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი, ტოტალურად იყო დარღვეული, მათ შორის, ხმის ფარულობის პრინციპი, მაგრამ მიგვაჩნია, რომ კიდევ უკეთესი იქნებოდა, რათა მასშტაბის აღქმა ჰქონდეთ საერთაშორისო პარტნიორებს და ამაზე დაყრდნობით მიიღონ გადაწყვეტილებები, რომ საერთაშორისო აქტორები ჩაერთონ გამოძიებაში“.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია:

„შეხვედრიდან გავიგეთ, რომ ევროპული საზოგადოება სრულად არის ინფორმირებული, ასევე ჩვენგან ელოდება დოკუმენტების წარდგენას, რომელიც უკვე არსებობს და მალე გავაგზავნით. ამ საკითხებზე მსჯელობები იქნება. ჩვენი ინტერესია საერთაშორისო შეფასების მისია ევროკავშირის მხრიდან - რამდენად არის თავსებადი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პრინციპთან ის, რაც მოხდა საქართველოში“.

ამჯერად მოლაპარაკებებზე არ იმყოფებოდა "საქართველოსთვის" წარმომადგენელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S