Accentnews.ge
წითლიძე: "ISFED-ს მტკიცებულება არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ არჩევნებს არანაირი საერთო არ ჰქონდა თავისუფალ, დემოკრატიულ არჩევნებთან"

წითლიძე: "ISFED-ს მტკიცებულება არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ არჩევნებს არანაირი საერთო არ ჰქონდა თავისუფალ, დემოკრატიულ არჩევნებთან"

08/11/2024 09:48:04 პოლიტიკა

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე აცხადებს, რომ "ISFED-ს მტკიცებულება არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებს არანაირი საერთო არ ჰქონდა თავისუფალ, დემოკრატიულ არჩევნებთან, რომელიც გამოხატავდა საქართველოს მოქალაქეების ნებას".

„დღითიდღე კიდევ უფრო ნათელი გახდება ყველა ის დარღვევა, გაყალბება, ყველა ის უბედურება, რაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ იკადრა და ISFED-ის ეს მტკიცებულებაც არის ამის ნათელი დადასტურება. „ქართულმა ოცნებამ“, რომელმაც იცოდა, რომ კატასტროფულად წაგებული ჰქონდა არჩევნები, გაყალბებაში ძალიან ზედმეტი მოუვიდა, იმდენად ზედმეტი, რომ კვალის დაფარვა გარკვეულ შემთხვევებში მათ ვერ შეძლეს, ამიტომაც ყოველდღიურად იქნება კიდევ უფრო მეტი მტკიცებულება და კიდევ უფრო მეტი დარღვევა გამოჩნდება ამ არჩევნებთან დაკავშირებით", – განაცხადა მან.

ცნობისთვის: „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით კიდევ ერთ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას. კერძოდ, როგორც 7 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე ორგანიზაციის დირექტორმა ნინო დოლიძემ განაცხადა, "გამოავლინეს საყურადღებო ტენდენცია გენდერულ საკითხთან დაკავშირებით".

"26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა რაოდენობას რომ დავაკვირდით, გამოვავლინეთ საყურადღებო ტენდენცია გენდერულ საკითხთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივმართეთ ცესკოს და გამოვითხოვეთ ინფორმაცია, ამომრჩეველთა რაოდენობასთან დაკავშირებით, ქალებისა და კაცების მიხედვით.

მოწოდებული ინფორმაციის პირველადმა ანალიზმა გამოკვეთა, რომ საარჩევნო უბნების მნიშვნელოვან ნაწილში, ქალი და კაცი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა აცდენილია ნორმალურ განაწილებას და შეიცავს პრაქტიკულად გამორიცხულ ან არაბუნებრივ მახასიათებლებს.

მაგალითად, 62 საარჩევნო უბანზე, სადაც რეგისტრირებული სიიდან კაცი ამომრჩევლის აქტივობა 80-დან 100%-მდე იყო, ქალების აქტივობა იყო 57%. გარდა ამისა, ზოგიერთ საარჩევნო უბანზე გამოიკვეთა ფაქტები, როდესაც ამომრჩევლის აქტივობა თეორიულად გამორიცხულ მაჩვენებელსაც უტოლდება.

მაგალითად, მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, 100%-ზე მაღალია ზოგიერთ უბანზე კაცების აქტივობა, ვიდრე ისინი სიაში იყვნენ რეგისტრირებული. რომ დავაზუსტოთ, სიაში რეგისტრირებულ კაცთა 100%-ზე მეტის მონაწილეობა დაფიქსირდა არჩევნებში, რაც ვალიდურობის შემთხვევაში, მოცემულ საარჩევნო უბნებზე მომხდარ მანიპულაციებზე მიუთითებს.

გამოვლინდა, რომ 275 საარჩევნო უბანზე, ერთიანი სიიდან კაცი და ქალი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა 20 პროცენტულ პუნქტზე მაღალია, მათ შორის, 243 საარჩევნო უბანზე ეს გადახრა კაცი ამომრჩევლის მეტობითაა, ხოლო 32 საარჩევნო უბანზე ქალი ამომრჩევლების.

ასევე, გვაქვს 23 საარჩევნო უბანი, სადაც არჩევნებზე მისული კაცი ამომრჩევლების რაოდენობა აღემატება ამომრჩეველთა სიაში რეგისტრირებულ კაც ამომრჩეველს",- განაცხადა ნინო დოლიძემ.

მისივე თქმით, ორგანიზაციის მიერ საარჩევნო უბნების მიხედვით დეტალიზებული ინფორმაციის გამოთხოვის შემდეგ, ამომრჩეველთა აქტივობის პირველადი მონაცემები ცესკოს ვებგვერდზე აღარ იძებნება, იმავე ბმულზე კი ატვირთულია აქტივობის განახლებული მაჩვენებელი.

დღეს, 8 ნოემბერს ცესკო–ში განაცხადეს, რომ „სამართლიანი არჩევნების“ განცხადება "არასწორი, მანიპულაციური და დეზინფორმაციულია"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S