ესტონეთის პრემიერი: საქართველოს გზა ევროპისკენ მისმა ლიდერებმა შეაჩერეს
08/11/2024 10:21:22 პოლიტიკა
ესტონეთის პრემიერ-მინისტრმ კრისტენ მიხალის განცხადევით, საქართველოს გზა ევროპისკენ მისმა ლიდერებმა შეაჩერეს. ამის შესახებ მან ბუდაპეშტში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ერთ-ერთი საკითხი საქართველოში ჩატარებული არჩევნები იქნება.
„გულწრფელად რომ ვთქვა, ბოლოს ჩატარებული არჩევნები არ განიხილება, როგორც თავისუფალი და სამართლიანი. ევროპისკენ საქართველოს გზა მისმა ლიდერებმა შეაჩერეს. ასე რომ, ჩვენ ამას განვიხილავთ“, - განაცხადა მან.
ცნობისთვის: ბუდაპეშტში ევროკავშირის არაფორმალური სამიტი იმართება. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, მათ შორის საქართველოს საკითხს განიხილავენ.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:
„ქართული ოცნება“ - 53,931%;
"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
"ძლიერი საქართველო" - 8,81%;
"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.
ამ მოთხოვნით ოპოზიციამ უკვე გამართა რამდენიმე აქცია და პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით აანონსებს.


